საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 9 ივლისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-09

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 31 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი.

ცვლილება შევიდა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებაში. 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული სოციალურად დაუცველ მოსახლეობას(15-მდე ოჯახი) დახმარება არ შეუწყდება. 2015 წლის 13-14 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ნაწილი, კანონმდებლობით დადგენილი საარსებო შემწეობის მიმღები იყო. მომხდარი სტიქიის შედეგად მათ დატოვეს საცხოვრებელი ადგილი და განსახლებულნი იქნენ სახელმწიფოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობით ოჯახის მისამართის ცვლილება წარმოადგენს ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობის შეჩერების საფუძველს, ახალ მისამართზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებამდე და სარეიტინგო ქულის ხელახლა მინიჭებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 2015 წლის 13-14 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც დანიშნული აქვთ საარსებო შემწეობა ან სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე მოიპოვეს საარსებო შემწეობის დანიშნვის უფლება ავტომატურად გაუგრძელდეთ/დაენიშნოთ საარსებო შემწეობა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, 2016 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულ ოჯახებში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღებისა და ოჯახის სააგენტოში წერილობითი მომართვის საფუძველზე, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა მთავრობის დადგენილების პროექტი „საჯარო მმართველობის განხორციელების სტრატეგიული დოკუმენტების - „საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020-ისა" და „პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია". სტრატეგიული დოკუმენტები წარმოადგენს ყოვლისმომცველ ხედვას საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით და აქცენტს აკეთებს მკვეთრად გამოხატულ პრობლემებზე, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრა შესაბამისი ამოცანები და აქტივობები, რაც მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო მმართველობის გაუმჯობესებასა და მის დაახლოებას ევროპული მმართველობის სტანდარტებთან. რეფორმები მოიცავს შემდეგ სფეროებს: პოლიტიკის დაგეგმვის სისტემა, საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისები, საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობა.