საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 3 ივლისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-03

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" . ახალი კანონი პოლიტიკისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. კანონპროექტი შემუშავებულია ევროკავშირის, SIGMA-ს ექსპერტების ჩართულობით, საჯარო მოხელეებთან და აკადემიურ წრეებთან კონსულტაციებით, ემყარება მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც საქართველოში ერთიანი საჯარო სამსახურის სისტემის შექმნის საშუალებას იძლევა.
მოწესრიგდება საჯარო სამსახურში დასაქმების სისტემა, იგი გახდება უფრო გამჭვირვალე და უზრუნვეყოფს საზოგადოების მხრიდან ნდობის ამაღლებას საჯარო სექტორის მიმართ. საჯარო სასმახურში დასაქმებულ მოხელეს ექნება მყარი გარანტიები, ასევე საჯარო სამსახურში დასაქმებული პროფესიულ საჯარო მოხელეს გათავისუფლება დაექვემდებარება მხოლოდ კანონში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს, წესრიგდება პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო, კონკრეტდება, რა შემთხვევაში გაიცემა დანამატი, ხოლო პრემია იქნება მხოლოდ წახალისების ფორმა და მიბმული სამუშაოს შესრულების შედეგებზე. დანამატის გაცემა დასაშვები იქნება მხოლოდ კლასის გათვალისწინებით, ხელმძღვანელის მიერ დავალებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ან განსაკუთრებით საპასუხიმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც წესრიგდება საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონპროექტით, უკავშირდება სამუშაოს სტაჟს- საჯარო სამსახური ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადადის, რაც ნიშნავს, რომ საჯარო მოხელეების სამუშაო გამოცდილება ელექტრონულად აღირიცხება და ეს ინფორმაცია თავს მოიყრის საჯარო სამსახურის ბიუროში.

მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა „თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ" საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი. ცვლილების განხორციელებით, ქვიშხეთი-ზვარეს მონაკვეთზე მეორე გვირაბის მშენებლობით, სატვირთო გამზიდუნარიანობა 48,6 მილიონ ტონამდე გაიზრდება (ნაცლად არსებული პროექტის შედეგად მიღებული 14,4 მილიონი ტონისა წელიწადში), ხოლო ავტობლოკირების სიგნალიზაციის დამონტაჟების შემთხევაში, აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამაღლდება სატრანზიტო დერეფნის მდგრადობა, სარკინიგზო ხაზის უსაფრთხოება და გაიზრდება ტვირთის გამზიდუნარიანობა.

მთავრობის სხდომაზე ასევე მოიწონეს „განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოსა და სსიპ -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი". პროექტი მიზნად ისახავს ორგანიზება გაუწიოს, როგორც ონლაინ, ასევე ადგილობრივ ტრენინგებს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე სკოლებისათვის, მოაწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები, სემინარები და კონფერენციები, ხელი შეუწყოს მასწავლებელთა საერთაშორისო პროექტის eTWINNING Plus ფარგლებში განხორციელებულ სემინარებში მასწავლებელთა მონაწილეობას, დაეხმაროს მასწავლებლებს ახალი იდეების და პროექტების განხორციელებაში, რაც საშუალებას მისცემს მათ საერთაშორისო დონეზე ურთიერთობების დამყარებისათვის საჭირო უნარების განვითარებაში, დაეხმაროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოიძიონ eTwinning Plus-ის პარტნიორი მასწავლებლები და ითანამშრომლონ მათთან, ხელი შეუწყოს ინოვაციური თანამშრომლობის იდეების გენერაციას და ხარისხიანი განათლების, ასევე ენის სწავლების მეთოდებისა და ინტერკულტურული დიალოგის განვითარებას, ხელი შეუწყოს პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების მაღალ ხარისხს და მოახდინოს პარტნიორი სკოლების მონიტორინგი სამუშაო პროცესში, განახორციელოს საინფორმაციო სემინარები სკოლებისათვის, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებისათვის, სკოლის მენეჯერებისათვის და ა.შ.