საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 23 ივნისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

სხდომის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი - იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე. მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა სათაფლიის ნაკრძალის, აღკვეთილისა და 19 ბუნების ძეგლისათვის.

მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის „ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების, პრევენციისა და მკურნალობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი. ჩეხეთის განვითარების სააგენტომ ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების, პრევენციისა და მკურნალობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში სისხლის სეპარაციის დანადგარი (blood Separator) უსასყიდლოდ გადასცა შპს. სისხლის ბანკს; ასევე გარემონტდა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ლაბორატორია, ამ ლაბორატორიისთვის შეისყიდა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) დანადგარი და ქ. ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის ფუნქციონირების მიზნით შეირჩა შენობა. გრანტის რაოდენობა შეადგენს 1 100 000 ევროს. პროექტი ხელს შეუწყობს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის სპეციალიზირებას ლეიკემიის სხვადასხვა ფორმების უფრო ზუსტი დიაგნოსტირების გაუმჯობესების გზით.

მთავრობის სხდომაზე „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის" დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს. პროექტის მიხედვით განხორციელდება: პათოგენის პრევენციული ღონისძიებები და ფიტოსანიტარიული კონტროლი, კარტოფილის წარმოების ადგილებში სახელმწიფო კონტროლი, რის შემდეგაც თუ მცენარეზე გამოვლინდება დაავადების ნიშნები ან ნიადაგში აღმოჩნდება პათოგენის სულ მცირე ერთი სიცოცხლისუნარიანი სპორანგიუმი ტერიტორიაზე გამოცხადდება მცენარეთა კარანტინი, მოხდება საკარანტინო და ბუფერული ზონის დემარკაცია. საკარანტინო ზონაში დაწესდება აკრძალვა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს პათოგენის გავრცელების რისკს. ასევე, განხორციელდება პათოგენის წინააღმდეგ ბრძოლის გრძელვადიანი ოფიციალური კონტროლის ღონისძიებები, შესაძლებელი იქნება, მისი საბოლოო აღმოფხვრა და შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება.

მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა. დადგენილების პროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამის მოსალოდნელი შედეგია, პროგრამით მოსარგებლე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება, ამასთან შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის გაზრდა, პროფესიული განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება, დამსაქმებელთა და სამუშაოს მაძიებელთა შორის პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და სამუშაოს მაძიებლების დასაქმების შესაძლებლობების ზრდა.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს 23 წლის ზემოთ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტო მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა - www.worknet.gov.ge  -ზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური