საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 25 მაისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 41 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

ცვლილება შევიდა „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N262 დადგენილებაში. პროექტის მიღებით განისაზღვრება სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მონაცემების მოწოდების პერიოდი. ასევე, ფულადი დახმარების დანიშვნა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შესაბამის რეგიონში, ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი არ ფიქსირდება ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 ან მე-3 წელში, ხოლო უკვე დანიშნული ფულადი დახმარების შეწყვეტა არ განხორციელდება, თუ დანიშვნიდან მომდევნო წლებში კონკრეტულ რეგიონში დაფიქსირდა ბუნებრივი მატების მხოლოდ დადებითი მაჩვენებელი, შესაბამის მონაცემების მოწოდების წლის წინა მე-2 და მე-3 წლებში.
მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ,,შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ"-დადგენილების პროექტი. პროექტი ხელს შეუწყობს:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -გაატაროს ეფექტიანი პოლიტიკა მოქნილი შრომის ბაზრის ფორმირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს - სწორად დაგეგმოს და განახორციელოს უმაღლესი და პროფესიული სასწავლო პროგრამები და მათი დაფინანსების პრიორიტეტები;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - შრომის ბაზრის ტენდენციების საფუძველზე განსაზღვროს ახალი ეკონომიკური დარგების განვითარების ტენდენციები, სწორად შეაფასოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები;
სამუშაოს მაძიებლებს - სწორად დაგეგმონ კარიერული განვითარება შრომის ბაზრის ტენდენციების საფუძველზე და მოიძიონ სასურველი სამსახური;
ინვესტორებს - შეაფასონ საქართველოს შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობა და წინასწარ განსაზღვრონ საკადრო პოლიტიკა.
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტში „აწარმოე საქართველოში სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა - პროგრამას ემატება მინერალური პროდუქტები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური