საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 15 მაისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 41 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

დამტკიცდა საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ." კანონის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებას, რომელიც კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, მისთვის დაკისრებულ ამოცანებს.

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა „პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში". კანონპროექტის თანახმად, პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვით იქმნება საპროკურორო საბჭო, რომლის შემადგენლობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შევლენ სამოქალაქო სექტორის მიერ განსაზღვრული პირები. საპროკურორო საბჭოს გარდა, იქმნება საპროკურორო კონფერენციაც, რომელიც საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრებას წარმოადგენს. კონფერენციის უფლებამოსილება იქნება საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრების არჩევა.

ასევე ცვლილებები შევიდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონში. ცვლილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისი, თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი. მეორე ცვლილების თანახმად, თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმ მიზეზით, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში (მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის), თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური