საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 20 აპრილის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-20

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 27 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში - სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ოჯახებს 1000 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია დაუწესდებათ. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს გმირულად დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახებს 1000 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია დაუწესდებათ. პროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვისა და ხელშეწყობის საგანი გახადოს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს დაღუპული შსს-ს მოსამსახურეთა ოჯახების სოციალური დაცვის პირობები და მისცეს მათ აღნიშნული პირობების გაუმჯობესებისათვის უკეთესი გარანტიები. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კომპენსაციას ისინი მიიღებენ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდშიც, ასევე სხვა კომპენსაციასა და პენსიასთან ერთად. 1000 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ: საპოლიციო პრევენციული ღონისძიებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამა". პროექტის პირველ ფაზაში მოხდება მკურნალობის პროგრამაში იმ ბენეფიციართა ჩართვა, რომლებიც გადაუდებლად, პირველ ეტაპზე საჭიროებენ მკურნალობას. პირველ ეტაპზე პროგრამა მოიცავს ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტთა უზრუნველყოფას. პაციენტთა შერჩევა განხორციელდება კომისიური წესით, ჩართვის კრიტერიუმების შესაბამისად. პროგრამის ფარგლებში გაწერილია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტები, პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები, მკურნალობის რეჟიმები, პაციენტთა რეგისტრაციის წესი, მოთხოვნები მიმწოდებელი დაწესებულებებისადმი, მედიკამენტების ლოჯისტიკის ღონისძიებები, დიაგნოსტიკური ჯგუფების ღირებულებები, პროგრამის ადმინისტრირების ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური