საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 1 აპრილის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-01

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ეტაპის კანონპროექტები. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ეტაპზე ძირითადი აქცენტი კეთდება თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებსა და სასამართლოს საქმიანობაში მის ჩართულობაზე, კერძოდ: მკაფიოდ ჩამოყალიბდება მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიები. კანონში მიეთითება, რომ არავის აქვს უფლება, მიუთითოს მოსამართლეს, თუ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე. საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები. ძირითადი კრიტერიუმი კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა იქნება. მოსამართლედ გამწესებაზე უარის მიღების შემთხვევაში, კანდიდატებს შეეძლებათ, გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება. მოსამართლედ დანიშვნა მოხდება მხოლოდ კონკურსის წესით, სასამართლოს თავმჯდომარეებსა და თავმჯდომარეების მოადგილეებს კი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები აირჩევენ. შემოღებული იქნება საქმეთა ავტომატური განაწილების პრინციპი. საქმეები რიგითობის წესით, ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადანაწილდება. მოწესრიგდება მოსამართლეთა მივლინების პროცედურა. მივლინება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოსამართლის თანხმობით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით; რათა ამგვარ მივლინებებს აღარასდროს ჰქონდეს "ურჩი" მოსამართლეების დასჯისა და ხელმძღვანელობის მითითებების უსიტყვოდ შემსრულებელი მოსამართლეების წახალისების ხასიათი. დაიხვეწება დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები. თავმჯდომარე აღარ იქნება უფლებამოსილი, აღძრას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა. ამ ფუნქციას შეითავსებს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მაღალი შეფასება მისცა. მის მიერ მომზადებულ დასკვნაში ასახული რეკომენდაციებისა და მოსაზრებების დიდი ნაწილი გაზიარებულ იქნა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პაკეტში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური