საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 19 თებერვლის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-02-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილა.  დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი „აგროდაზღვევის" პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს როგორც სოფლის მეურნეობის განვითარებას, ასევე მოსახლეობის შენარჩუნებას სოფლად. აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდება მოსავლის დაზღვევის პროგრამა, რაც საშუალებას მისცემს ამ სფეროში დასაქმებულ პირებს დააზღვიონ მოსავალი შეღავათიან ფასებში და ზარალის დადგომის შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია. პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება დაზღვევის ტარიფის ზედა ზღვარი. სახელმწიფო უზრუნველყოფს დაზღვევის ტარიფის 60%-ის გადახდას, ხოლო 40%-ი კი იქნება დამზღვევის მიერ გადასახდელი. მსგავსი პროგრამა პირველად განხორციელდა 2014 წელს, რომელიც იყო საპილოტე. პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და ორ თვეში 15 622 პოლისი გაიცა და დაზღვეული იქნა 143 698 111 ლარის მოსავალი. სამინისტროს მიერ შესწავლილი იქნა ამ პროგრამის მიმდინარეობა, დადებითი და უარყოფითი მხარეები და ამის გათვალისწინებით მომზადდა ახალი „აგროდაზღვევის" პროგრამა, რომელშიც შესულია გარკვეული ცვლილებები, კერძოდ, დაიხვეწა ტერმინები, დაზუსტდა სადაზღვევო ანაზღაურების პირობები და დაზღვევის ხელშეკრულების დადების წესი და პირობები, ასევე დაკონკრეტდა სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებისა და ზიანის ანაზღაურების პირობები. პროგრამას დაემატა მუხლი სააგენტოსა და მზღვეველის უფლება-მოვალეობების შესახებ, რომელშიც გაიწერა როგორც სააგენტოს, ასევე მზღვეველის უფლებები და მოვალეობები.
მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. სქემა ერთიანი სისტემაა, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია პედაგოგის მომზადება პროფესიისთვის, როგორი უნდა იყოს საუნივერსიტეტო პროგრამა, პროფესიაში შესვლის გზები და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი პედაგოგს კარიერულ წინსვლაში. სქემის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი ფუნქციების სკოლაზე დელეგირება და ამით მისი ავტონომიურობის გაზრდა. შეფასების კომპონენტი არის ყველა შემდგომი ქმედების დასაგეგმად აუცილებელი წინაპირობა, რომლის სკოლაში არარსებობა ნიშნავდა რომ სკოლა არ იყო ორიენტირებული სასწავლო შედეგების გაუმჯობესებაზე. რაც შეეხება გარე შეფასებებს: საგნობრივი გამოცდა რჩება ძალაში, რადგან ეს არის რეგულირებადი პროფესია. სხვა რეგულირებადი პროფესიების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფომ უნდა დააყენოს მინიმალური მოთხოვნები. მოთხოვნების ფარგლებში, რასაც სახელმწიფო ითხოვს, ეს არის ტესტური სახით საგნობრივი გამოცდა და მასწავლებლის პრაქტიკაში გარე შეფასების მექანიზმის დანერგვა, რომლის ნაწილიც ისევ სკოლაში ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური