საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 7 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

სოფიას საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაურს ბულგარელმა კოლეგამ, ბოიკო ბორისოვმა უმასპინძლა.

გაიმართა მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით; ასევე, ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ასევე ვიზის ლიბერალიზაცისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს როლი ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს ცეცკა ცაჩევას შეხვდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის მემორიალი სოფიაში. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.

საქართველოს დელეგაციაში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი