საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-17

16-17 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა, სადაც საქართველოს მთავრობის წევრებმა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ფარგლებში გატარებული რეფორმებისა და ერთწლიანი მუშაობის სრული ანგარიში წარადგინეს.ასოცირების საბჭო აღიარებს საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და მიესალმება საქართველოს პროგრესს ვიზალიბერალიზაციის გზაზე.საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობა, ეკონომიკური და სექტორული თემები, ვიზალიბერალიზაციის პროცესი, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რეგიონში არსებული ვითარება და ახალი გამოწვევები-საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ სრული ანგარიში ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომაზე წარადგინა.
სხდომას ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საქართველოს მხრიდან კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრაზე ანგარიშით წარსდგნენ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესებში ჩართული სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები: საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეაწულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი,სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.შემაჯამებელი სიტყვით საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა.
პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, გამოხატა თანაგრძნობა და მწუხარება საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების გამო და მომხდარს საერთო ტრაგედია უწოდა.მისასალმებელ სიტყვაში ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროპულ მომავალზე და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ''საქართველოს განზრახული აქვს წარმატებით წავიდეს წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების განხორციელება, გვაქვს მთელი რიგი შედეგები და მზად ვართ კიდევ უფრო მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს. ვფიქრობ,საქართველოს მოქალაქეებსაც უნდა ვაჩვენოთ პროგრესი. უვიზო მიმოსვლა იქნება მთავარი შედეგი ამ მიმართულებით. ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რათა საქართველოს პროგრესი შეფასდეს სათანადოდ,'' - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს თბილისში ვიზიტის დროს გულთბილი მასპინძლობისთვის. მისი თქმით,საქართველომ წარმატებით განახორციელა რეფორმები და იმედი გამოთქვა, რომ პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.''ჩვენ ვხედავთ იმ პროგრესს, რაც არის განხორციელებული რეფორმების მხრივ. იმედია, რომ ეს პროგრესი თანდათან უფრო ხილვადი გახდება. საქართველოში დემოკრატიის გამყარება ყველა ჩვენგანის ინტერესშია,'' -აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს 18 ნოემბერს განსახილველ დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ახალ მიდგომას სამეზობლო პოლიტიკისადმი და დიფერენციაციის მნიშვნელობას მაღალი ამბიციების მქონე ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში.

სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ფედერიკა მოგერინის თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ურყევი გადაწყვეტილება ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან დაკავშირებით. "ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევაში.
ჩვენ ასევე მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ წარმატებით მიაღწია ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბევრ ეტაპობრივ მიზანს. ცხადია, აუცილებელი ამუშაობის გაგრძელება დარჩენილი მიზნების მისაღწევად. როგორც ერთი კვირის წინ თბილისის ვიზიტის დროს აღვნიშნე, მართალია, მე ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სახეზეა აშკარად პოზიტიური ტენდენციები,"-განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, სხდომაზე სათანადოდ შეფასდა ასოცირების ხელშეკრულების ეტაპობრივი განხორციელების პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში.
"კერძოდ, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესმა მნიშვნელოვნად დააჩქარა საქართველოს ტრანსფორმაცია და მოდერნიზაცია. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიის კონსოლიდაცია, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა,ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალურ თავისუფლებათა დაცვა და ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდის უზრუნველყოფა,"-აღნიშნა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აფასებს ევროკავშირის მხარდაჭერას რეფორმების გატარების პროცესში და იმედის თვალით შეჰყურებს სამომავლო დახმარებას. მანვე ვიზების ლიბერალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგში. საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ეტაპობრივი მიზნების მისაღწევად. გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი მიღწევები იქნება სათანადოდ აღიარებული და ასახული ევროკავშირის დადებით შეფასებაში, რაც შედეგად მოიტანს საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ევროპაში. საქართველოს მოქალაქეთათვის ეს გადაწყვეტილება იქნება უტყუარი დემონსტრირება იმისა, რომ ევროპულ არჩევანს მოაქვს კონკრეტული შედეგები,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, თვალსაჩინოა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები რეფორმირების გზაზე.
"ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მონდომებას და მიღწევებს. საქართველომ გაატარა რეფორმები, რათა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით,"- აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.
მისივე თქმით, ის უახლოეს მომავალში ეწვევა თბილისს, რათა საკუთარი თვალით ნახოს მიღწეული შედეგები.
მედიისთვის გაკეთებული საგანგებო განცხადებების შემდეგ, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე საუბარი სამუშაო ვახშამზე გაგრძელდა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასოცირების შეთანხმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული მომავალი ქართველი ხალხის არჩევანია, ამიტომ ხელისუფლების ურყევი გადაწყვეტილება იყო, წარმატებით და დროულად განხორციელებულიყო ყველა ის რეფორმა, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. საუბარი ასევე შეეხო დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ახალ მიდგომას სამეზობლო პოლიტიკისადმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიფერენციაციის მნიშვნელობას მაღალი ამბიციების მქონე ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესებში მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრაზე ისაუბრეს მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზე და ტერორიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის მნიშვნელობაზე. მხარეებმა მწუხარება გამოთქვეს საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი