საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტველ კოლეგას, ალგირდას ბუტკევიჩიუსს შეხვდა, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ირაკლი ღარიბაშვილს ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ ლორეტა გრაუჟინიენემ უმასპინძლეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ლიტველ კოლეგასთან ერთად, საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გახსნა, ასევე, მონაწილეობას მიიღო ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში, გვირგვინით შეამკო ლიტვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და 1918-1921 საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრირებული ოფიცრის დათიკო მაჭავარიანის საფლავი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვილნიუსში ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრშიც იმყოფებოდა, ასევე სტუმრობდა ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც რექტორს და ქართული ენის შემსწავლელ ლიტველ და ქართველ სტუდენტებს შეხვდა. გაიმართა საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ლიტველ ბიზნესმენებთან.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი