პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-13

საქართველოს დელეგაცია,  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დალიანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს დალიანის ვიცე-მერი დახვდა.

9-13 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გამართა და მონაწილეობა მიიღო ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობდა დისკუსიაში, სადაც ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია განიხილებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს როლს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, ქვეყანა მშვიდობის, ლოგისტიკისა და ვაჭრობის ცენტრად იქცეს, რაც საქართველოს ისტორიული მისია.


ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი კეციანს შეხვდა.მხარეებმა განიხილეს ურთიერთობების საკითხები და ამ ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, რასაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთი დაიწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა- ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სიტყვით წარსდგა. მან მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მისთვის მინიჭებული წოდებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი საზეიმო განცდა უნივერსიტეტში დიპლომის აღების დროს ჰქონდა.  ვრცელ გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო კავშირებზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებსა და "ახალი აბრეშუმის გზის" პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, საუკუნეების წინ ხანგრძლივი მოგზაურობა ჩინეთიდან ევროპისკენ და პირიქით იწყებოდა და მთავრდებოდა საქართველოში. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა. პეკინში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინიციატივო პროექტში-„ახალი აბრეშუმის გზა" მონაწილეობის შესახებ, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ეპოქაში ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა.მთავრობის მეთაურმა ფონდის ხელმძღვანელები „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" მოიწვია.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დეპარტამენტის მინისტრს, ვანგ ძიარუის შეხვდა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოხარულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების, რომელიც უფრო დინამიური გახდა ბოლო ორი წლის მანძილზე.
"მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა, ჩინეთს და საქართველოს გვაქვს საერთო ინტერესი, რომელიც ეკონომიკაზე გადის,"-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების, მშვიდობის ადგილი ევროპისა და აზიისათვის. 

საქართველოს დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 მემორანდუმი მიზნად ისახავს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას, ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და ქალაქის დაგეგმარების მიმართულებით.

მემორანდუმი გაფორმდა  ხელი სს „ვაგონმშენებელს"  და  დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხანას შორის. შეთანხმების მიხედვით, საქართველოში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივისა და მისი სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ქართულ-ჩინური საწარმო აშენდება.

ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა დალიანში ქართული ღვინის კომპანიასა და დალიანის თავისუფალ სავაჭრო ზონას შორის.  

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტ ლიცუნ ძის შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ
საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტების განხორციელებას დაიწყებს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ერთ-ერთი უმსხვილეს ჩინური კორპორაცია «Dongfang Electric-თან", ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციასთან, უმსხვილეს კომპანია CRCC-სთან, ჩინურ მულტინაციონალურ კომპანია "ჰუავეი-სთან", საინვესტიციო კომპანია ,,POWERCHINA-სთან".  

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიის წარმომადგენლებს.

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დატვირთული იყო ჩინურ მედიასთან შეხვედრებით.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუ მისცა ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია CCTV-ს, სადაც საქართველოს გეოპოლიტიკურ მიმზიდველობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და ახალი აბრეშუმის გზის პერსპექტივაზე ისაუბრა. ეკონომიკურ თემებზე გაგრძელდა საუბარი გადაცემაში ,,Global Watch-ი". პროგრამა, რომელიც აქტუალურ საერთაშორისო თემებს აშუქებს, ახალი აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს მონაწილეობით დაინტერესდა. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ,,თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე, შავი ზღვის პორტების პოტენციალზე და რკინიგზის მზარდ როლზე იყო საუბარი გამოცემა China Daily-სთან.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ჩინეთის კედელი და აკრძალული ქალაქი მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი