საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის ვიზიტები და შეხვედრები

თბილისში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თბილისში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი გახსნეს.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია და მისი დაარსება ნათლად წარმოაჩენს პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო ცენტრი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის  ამაღლებას.  

„ცენტრის ფუნქციონირება დაგვეხმარება ჩვენი შეიარაღებული ძალების   პროფესიონალიზმის ამაღლებაში. ცენტრის დაარსებას საქართველოსთვის აქვს კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი დატვირთვა - ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლება. შეიარაღებული ძალების თავსებადობის უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ცენტრი ამ ეტაპის წარმატებით დაძლევაში დაგვეხმარება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობის ეს ახალი ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას. მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ცენტრი თავისი შინაარსითა და ფუნქციით ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, წლების განმავლობაში, ალიანსის მიერ წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი, იყოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო სრულად აცნობიერებს გლობალური ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხეს და შესაბამისად, ცენტრის დაფუძნება არის საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

"მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს და ინტენსიურ დიალოგს ნატოსთან, ევროკავშირთან, დასავლელ პარტნიორებთან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით, საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ერთიან, მშვიდობიან და თავისუფალ ევროპულ ოჯახში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ცენტრის დაარსებაში შეტანილი წვლილისთვის თავდაცვის მინისტრს, სამინისტროს, ნატოს საერთაშორისო სამსახურს და წევრ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა.

ერთობლივი ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ცენტრი საქართველოს აღმოუჩენს დახმარებას, რათა საქართველოს შეიარაღებული ძალები იყოს უფრო თანამედროვე და მაღალი ბრძოლისუნარიანობით აღჭურვილი, იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევებს დაუპირისპირდეს.

"გაერთიანებული წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა დამატებით განვითარდება. საქართველო გახდება უფრო მეტად თავსებადი ნატო-სთან, ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენი ხილვადობა უფრო ამაღლდება ქვეყანაში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცენტრის გახსნამდე მთავრობის მეთაურმა ნატო-ს გენერალურ მდივანს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა, დღის პირველ ნახევარში კი - მთავრობის ადმინისტრაციაში, ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ - გაფართოებულ შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა  მდივანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და საქართველოს მთავრობის კურსს ამ მიმართულებით.

იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს პროგრესი რეფორმების გზაზე აშკარაა და საქართველოს მთავრობა ამ გზის ერთგულია.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აამაღლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას და გააძლიერებს ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

„არსებით პაკეტს ხელშესახები შედეგები მოაქვს. ჩვენ ჩავატარეთ გაერთიანებული წვრთნები. ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები, თავდაცვის მინისტრების დონეზე, აქტიურად მუშაობენ. ჩვენ ვხედავთ მეტად საქართველოს ნატოში და ნატო-ს - საქართველოში. ყველა ვალდებულება, რომელიც ერთად ავიღეთ, ჯეროვნად მიიწევს წინ. ყველა ეს მცდელობა ეხმარება საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაახლოებაში. საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა წინ იმოძრაოს წევრობის გზაზე და თქვენ ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად იყენებთ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია მარტივი გზა არ არის, მას სჭირდება დრო, ძალისხმევა, რეალური ცვლილებების განხორციელება და საქართველოს მთავრობა ერთგულია ამ მიმართულებისა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს რეფორმებს და ხაზს ვუსვამ თქვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ნატო-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს იმედი", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ ნატო, რეფორმების გზაზე, საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

საქართველოში სტუმრობისთვის ნატო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის შეუფერხებლად განხორციელებას და აღნიშნეს, რომ ამის ნათელი დადასტურებაა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი დღეს გახსნიან.

„მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ცენტრი თავისი შინაარსითა და ფუნქციით ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ჯარისკაცების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საუბარი ასევე შეეხო ვარშავის სამიტის სამზადისს და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და საქართველოს მიერ გადადგმული ცალმხრივი პრაგმატული, კონსტრუქციული ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

პრემიერთან შეხვედრისას გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და მაღალი შეფასება მისცა ავღანეთში, ნატო-ს მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს.

ნატო-ს გენერალური მდივანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 26 აგვისტოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა იენს სტოლტენბერგის შეხვედრები საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ალიანსის გენერალური მდივანი, საკუთარი სურვილით, პრემიერთან ერთად ასევე შეხვდა ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ოჯახს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი