საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-22

პირველი იყო მოლდოვა, შემდეგ იქნება საქართველო, - ეს პოლიტიკური მესიჯი ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში, 21-22 მაისს გამართულ შეხვედრებზე მიიღო.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რიგის სამიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო და არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს მოქალაქეებს მომავალ წელს ევროპაში უვიზო მიმოსვლა შეეძლოთ.
ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები.
ლატვიის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინშთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩთან, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერართან, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისრტ ალექსის ციფრასთან.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა „ევროპის სოციალისტური პარტიის" ფორუმზე, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი, ასევე, შვედეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოგალერეა