საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რიგაში კონფერენციაზე - ევროპის განვითარების წელი სიტყვით გამოვიდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-01-10

  2  

"ევროპის განვითარების წელი" - ასე ჰქვია საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც 9 იანვარს რიგაში ოფიციალურად გაიხსნა.

კონფერენციაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე სხვა საერთაშორისო, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენელები დაესწრნენ, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ღონისძიება ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გახსნიან.

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ თანამშრომლობაზე, რომელიც აუცილებელია მსოფლიოს განვითარების გზაზე და განიხილეს ზომები, რომლებიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ,,ევროპის განვითარების წლის" ფარგლებში უნდა მიიღონ.

1983 წლიდან, ევროკავშირის ინიციატივით, ყოველი წელი კონკრეტული სფეროს განვითარებას ეძღვნება. 2015 წელი არის ევროპის განვითარების წელი, რომლის განმავლობაში ევროკავშირი ორიენტირებული იქნება საერთაშორისო განვითარების პოლიტიკაზე. კონფერენციას ლატვიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს სტატუსით უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიიღო.

ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის, ასევე, ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსს, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცეს და საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩს.

ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ალბომი