გიორგი კვირიკაშვილი დამტკიცდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-30

თბილისი

2015 წლის 30 დეკემბერი

დღეს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, გამოუცხადა რა ნდობა მის მიერ წარდგენილ კაბინეტს, რომლის ერთადერთი ახალი წევრი არის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. ახალი კაბინეტი მოვალობების შესრულებას შეუდგა კენჭისყრის დასრულებისთანავე.

მოსმენების დროს კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების საბოლოო მიზანი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები იქნება.

კვირიკაშვილმა აღნიშნა: „ჩვენ დავამკვიდრებთ საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ამავე დროს არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის".

მან ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკის განვითარება, სამეწარმეო სულისკვეთების წახალისება და ბიზნესების წინაშე მდგარი ბიუროკრატიული დაბრკოლებების აღმოფხვრა იქნება მთავრობის ძირითადი საშინაო პრიორიტეტები. კომენტარებში კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ მთავრობა მზად არის სტრატეგიულ ინიციატივებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან „კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის".

რაც შეეხება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მან განაცხადა: „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ნაბიჯები შერიგების პოლიტიკის მიმართულებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განწყობას, რომ ყველა ის სიკეთე, რომელიც ქვეყანაში იქნება შექმნილი და ყველა ის წარმატება, რომელიც იქნება მიღწეული, ხელმისაწვდომი იქნება უპირველეს ყოვლისა, ჩვენი აფხაზი და ოსი მოძმეებისათვის.

გარდა ამისა, კვირიკაშვილის თანახმად, პრაგმატული მიდგომა რუსეთთან ურთიერთობებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ზურაბ აბაშიძესა (საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში) და გრიგორი კარასინს (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) შორის პირდაპირი დიალოგის ფორმატის ჩათვლით, მიზნად ისახავს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული რისკების მინიმალიზაციას.

კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა მთავრობას, მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მტკიცე კომუნიკაციის კულტურის დანერგვის მნიშვნელობა.

„2012 წელს საქართველოს მოსახლეობამ დაიქირავა ჩვენი მთავრობა იმისათვის, რომ ვემსახუროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. მთავარი, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ, ისაა, რომ მთავრობა დღეს უსმენს თავის თანამოქალაქეებს.", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს წინსვლამ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა და მედითავისუფლების სფეროებში საერთაშორისო აღიარება ჰპოვა.

საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი სათავეში ედგა რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელთა მიზანიცაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზაზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი დერეფნის, პოზიციონირება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ქვეყნის მიმზიდველობის გაზრდა.

48 წლის გიორგი კვირიკაშვილი 2015 წლის 1 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. მანამდე კი, 2012 წლის ოქტომბერში კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მას ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა.

საჯარო სექტორში მოსვლამდე კვირკაშვილს ეკავა ბანკი ქართუს გენერალური დირექტორის და კომპანია Lenzie Fisher Hendry LLC-ის ექსპერტის თანამდებობები. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავდა თანამდებობებს პირველ კომერციულ ბანკში, გაერთიანებულ ქართულ ბანკსა და Trade Invest Bank-ში.1994-2005 წლებში კვირკაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრების საკითხთა პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.

გიორგი კვირიკაშვილს მინიჭებული აქვს ილინოისის უნივერსიტეტის (აშშ) მაგისტრის ხარისხი ფინანსებში. პრემიერ-მინისტრის პოსტზე მან შეცვალა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გადადგა 2015 წლის 23 დეკემბერს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე ჯანელიძეს ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი. ორი წლის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტს. ჯანელიძეს მინიჭებული აქვს გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნესის სკოლის აკადემიური ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი).