საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ფრაქცია ,,თავისუფალ დემოკრატებთან'' ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-28

"პირველი ჩემი შემოთავაზება არის, რომ მაქსიმალურად, გახსნილად, ვითანამშრომლოთ ქვეყნისათვის საჭირო პროექტების და საკითხების ირგვლივ" - ამ სიტყვებით დაიწყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე სიტყვით გამოსვლა.

"ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ერთად გვიმუშავია, ერთ გუნდში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს შორის, იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს, საქმიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა იქნება. ჩემი განწყობა ასეთია - გვქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია ყველა იმ პარლამენტართან, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მეტი ინფორმაცია მიიიღოს მთავრობის საქმიანობის შესახებ, ჩაერთოს საინტერესო პროექტების განხილვაში," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არსებული პროგრამები გაგრძელდება და მას ახალი მიმართულებები დაემატება.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაქსიმალური აქცენტი გაკეთდება ეფექტიანობის გაზრდაზე, გამჭვირვალობაზე და თანამშრომლობაზე ყველა დაინტერესებულ ადამიანთან.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვაზე და აღნიშნა, რომ ეს წარმატებული პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება.

"ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ ეს პროგრამა მაქსიმალურად იყოს ორიენტრირებული საჭიროებებზე, მოხდეს შეძლებისდაგვარად დიფერენცირება არსებული პროგრამის, გაწეული ხარჯების ოპტიმიზაცია. განსაკუთრებული ყურადღევა დაეთმობა პრევენციას და პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, რაც უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად დაზოგავს ხარჯებს მომავალში. მოხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის, სპორტის და ეკოლოგიის მაქსიმალური პროპაგანდა. ასევე მოხდება ჯანმრთელი თაობის აღზრდის მაქსიმალური პოპულარიზაცია და ამ საკითხებს სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭება", -განაცხადა კვირიკაშვილმა.
"ეკონომიკური განვითარება და დასაქმება - ეს იქნება ჩვენი მომავალი მოღვაწეობის უმთავრესი ქვაკუთხედი, ამ მიმართულებაზე გაკეთდება ყველაზე მეტი აქცენტი და მინისტრთა კაბინეტის მთელი კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართული იქნება ამ ძირითადი პრიორიტეტის ირგვლივ. ამ პრიორიტეტის ასახვა მოხდება სახელმწიფო და დარგობრივ სტრატეგიებში, ამ პრიორიტეტს ექნება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გამოკვეთილი ქვეპრიორიტეტი. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება ქვეყანაში და სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებისთვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამების დანერგვა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მომავალში განიხილება ახალი პროგრამის წარმოდგენა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესში "სტარტაპის" შექმნას. "წამოწყებული იყო არაერთი სახელმწიფო პროგრამა, მათ შორის, მეწარმეობის განვითარებისათვის, თუმცა, შედეგად მივიღეთ არსებული ბიზნესების მნიშვნელოვნად განვითარება, დამწყები ბიზნესი კი ვერ პოულობს საშუალებას საკუთარი იდეების დასაფინანსებლად საბანკო სექტორის და არსებული დაფინანსების წყაროების მეშვეობით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელი იქნება უახლოეს მომავალში ახალი პროგრამის წარმოდგენა, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესში "სტარტაპების" შექმნას. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი უნდა იყოს გამოყოფილი სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ დამწყებმა ბიზნესმა, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ ძალიან საინტერესო იდეები და მე ვარ შეხვედრილი არაერთ ასეთ ადამიანს, შეძლონ თავიანთი იდეის განხორციელება და თავიანთი ბიზნესის განვითარება ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერობის კანდიდატის განცახდებით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდისათვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ენიჭება დამწყები ბიზნესის განვითარების მექანიზმების შექმნას. "სწორედ ამ გზით ჩვენ შევძლებთ მყარი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვანია მოხმარების ზრდისთვისაც. ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება მინისტრთა კაბინეტისათვის უახლოეს პერსპექტივაში", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად შერიგების პოლიტიკის მაქსიმალურად გაძლიერება დაასახელა.
კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება უნდა ეცადოს, რომ აფხაზ და ოს ხალხთან შერიგების კუთხით გაბედული ნაბიჯები გადადგას.
"ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ნაბიჯები შერიგების პოლიტიკის მიმართულებით, ვეცადოთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯები გადავდგათ, დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. დრო მუშაობს იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანებმა ერთმანეთი დაიბრუნონ, იმის წინააღმდეგ, რომ ქართველებმა დაიბრუნონ აფხაზები და ოსები. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თამამი ნაბიჯები გადავდგათ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განწყობას, რომ ყველა ის სიკეთე, რომელიც ქვეყანაში იქნება შექმნილი, ხელმისაწვდომი იქნება უპირველესად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ეკონომიკური განვითარების მიღწვა შეუძლებელია ძალიან ფუნდამენტური და მნიშველოვანი რეფორმების გარეშე განათლების სისტემაში." - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში უკვე გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა გეგმავს შემუშავებული იქნას ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბებისათვის სახელმწიფო პროგრამა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ენერგეტიკის სექტორი. ეს არის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი გენერატორი ქვეყანაში ერთის მხრივ ინვესტიციების მოზიდვისთვის და მეორეს მხრივ, ენერგოდამოუკიდებლობისთვის.

"რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხით პროფესიონალური მოსამზადებელი ეტაპის გავლა და ამას ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ. მჯერა, რომ არ არსებობს ეკონომიკის განვითარება გარემოს ხარჯზე და პირიქით, უნდა იყოს სწორი ბალანსი გარემოს დაცვასა და ეკონომიკის განვითარებას შორის. ეს ორი რამ ერთმანეთთან პირდაპირ კორელაციაშია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


მთავრობის პრიორიტეტად დასახელდა სოფლის მეურნეობა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელი ინდუსტრია ქვეყანაში. მოსახლეობის ნახევარზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით იქნება ორი ძირითადი პრე მიმართულება. "გვექნება ორი ძირითადი პრე მიმართულება. ერთი იქნება მსხვილი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, სადაც იქნება დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სადაც მაქსიმალური მასშტაბის ეკონომია იქნება მიღწეული. მეორე მხრივ, კოოპერაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი, რათა ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სტრუქტურის გათვალისწინებით მივაღწიოთ ისეთ მოდელებს და ისეთი მასშტაბის ეკონომიას, როდესაც წვრილი მესაკუთრეები რჩებიან წვრილ მესაკუთრეებად, არ კარგავენ თავიანთ საკუთრებას და ამ გზით მიიღწევა მასშტაბის ეკონომია. ამის შესანიშნავი მაგალითები გვაქვს. შემიძლია დავასახელო რაჭაში ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანიის მაგალითი, როდესაც კომპანიამ შეძლო თანამედროვე წარმოების დაფუძნება ისე, რომ კერძო მესაკუთრეებს არ დაუკარგავთ საკუთრება თავის კერძო მიკრომეურნეობებზე და მხოლოდ და მხოლოდ სტანდარტის აწევით, სწორი ტექნოლოგიების შემოტანით და სწავლებით მიღწეული იქნა მასშტაბის ეკონომია და ეს კომპანია დღეს აწარმოებს ყველაზე თანამედროვე სტანდარტის ხორცპროდუქტებს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურიზმის სფეროში სოფლად და რაიონში მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა იგეგმება. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოფლად და რაიონებში მცხოვრებლები მიიღებენ გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს. "ვგეგმავთ მოსახლეობის, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ტურიზმის განვითარებაში და ამ მიმართულებით შემოვიღებთ კრიტერიუმებს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სოფლად, რაიონებში მცხოვრებლები მიიღებენ გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს. კერძოდ, საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა, კომლმა იმისთვის, რომ მან მიიღოს ტურისტული ნაკადიდან კონკრეტული რაოდენობა წლის განმავლობაში. ამ მიმართულებით ჩვენ ჩავრთავთ დაფინანსების მექანიზმებს, რათა ეს შედეგი მაქსიმალურად მოკლე დროში მივიღეთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორი უნდა გადაიქცეს ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიმართულებად ქვეყანაში. "ჩვენ, მსოფლიო ბანკთან ერთად გავაკეთეთ ტურიზმის სექტორის წინასწარი ანალიზი და დაიწერა სტრატეგია, რომლის შემდგომი კონკრეტიზაცია განხორციელდება მთელი რიგი ქვე მიმართულებებით. ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ჩავატაროთ ძალიან დეტალიზირებული კვლევა იმ საჭიროებების, რა საჭიროებებიც არაორგანიზებულად შემოსული ტურისტს ხვდება ქვეყანაში შემოსვლისას და ამ საჭირობებზე დაყრდნობით გავაკეთოთ კიდევ უფრო დეტალიზირებული სამოქმედო გეგმა ტურიზმის განვითარების კუთხით. ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს ამ მიმართულებით. ერთ-ერთი არის ხორვატია, რომელიც წამყვანი ტურისტული ქვეყანა გახდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ხორვატიას ფრანგული კომპანიები დაეხმარნენ ამ მიმართულებით და ფრანგული კომპანიების მეშვეობით ხორვატიამ შეიმუშავა არამხოლოდ სტრატეგია, სამოქმედო გეგმაც და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ წამყვანი ფრანგული კომპანიები. სწორედ ამ გზით, ჩვენ გავაკეთებთ მსოფლიო ბანკის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის დეტალიზირებულ კვლევას და ეს არ დაიკავებს გრძელ ვადას. ძალიან აგრესიულად, ძალიან მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ, რათა უმოკლეს პერიოდში მივიღოთ ძალიან კარგი ხელშესახები შედეგი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საპენსიო რეფორმაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პროგრამის დიზაინი შექმნილია მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად და მისი დანერგვა დაიწყება უახლოეს მომავალში. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იძულებით გადაადგილებულ პირებზეც და აღნიშნა, რომ დევნილების ჩართვას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში დიდი ყურადღება მიექცევა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა იქნება უპირველესი გარანტი იმისა, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
"უმთავრესი, რისი მიღწევაც გვსურს არის ის, რომ მოსახლეობაში კიდევ უფრო გაძლიერდეს და დამკვიდრდეს სამართლიანობის განცდა. ჩვენი მთავრობა იქნება უპირველესი გარანტი იმისა, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ჩვენ, მთავრობის წევრებს და პარლამენტარებს გვეკისრება ყველაზე მაღალი ვალდებულება, რომ დავიცვათ ყველა კანონი, ამიტომ, ამ მიმარულებით და ამ პრინციპების გატარებაში ვიქნებით ძალიან თანმიმდევრულები და მიზანდასახულები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა ქვეყნის საგარეო მიმართულებებზე და აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება ქვეყნის პრიორიტეტად.
"უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულებით გაფორმებული რეფორმების განხორციელება. თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღწევა ევროპასთან და ამ მიმართულებით პროცესის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება. ნატო-ში ინტეგრირების კუთხით საქართველო გააგრძელებს არსებითი პაკეტის ეფექტიან დანერგვას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, როგორც თავსებადობის კუთხით, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით", - განაცხადა კვირიკავილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ
საქართველო რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს.
"რაც შეეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, იმ პირობებში, რომ რუსეთი პატივს უნდა სცემდეს საქართველოს სუვერენიტეტს, მის გადაწყვეტილებებს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლა
ქართულ საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემცირებაზე საუბრით დაასრულა.
"ჩემი ძალიან დიდი სურვილია ის კონფრონტაცია, პოლარიზაცია, რომელიც საზოგადოებაში არსებობს დასრულდეს. ჩვენ ყველანი გადავიქეცით ძალიან არასასურველი სპექტაკლის მოთამაშეებად, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიზაციის ხარისხი საზოგადოებაში შემცირდეს. იმისათვის, რომ ადამიანებმა ცოტა უფრო კეთილი თვალით შეხედონ ერთმანეთს და საზოგადოება გავამთლიანოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სამთავრობო პროგრამის მთავარი პრიორიტეტების წარდგენის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრების შეკითხვებს უპასუხა.