საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აანთო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოჯახთან ერთად რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აანთო. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცა.

"მინდა გისურვოთ ყველას მშვიდობა, გისურვოთ სიყვარული და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებს და ჩვენს შვილებს. ვიცი, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა დღეს ქვეყანაში. ამიტომ საჭიროა 24 საათიანი შრომა. მე მჯერა ჩვენი უკეთესი მომავლის, თუ ერთად დავდგებით, თუ მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, ჩვენ აუცილებლად გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და შევქმნით ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშსაც გამოეხმაურა და ამ დღეს ისტორიული უწოდა.

"მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი დღე, ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დაიწყო მართლაც გარდამტეხი ეტაპი. გუშინ ჩვენი სახელმწიფო ევროპის კავშირმა აღიარა, როგორც თანამედროვე, ძლიერი, ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც იმსახურებენ უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის და ჩვენი სახელმწიფოსი. ამიტომ, მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გუშინდელი დღე" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური