საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა «მეტრო ატლას ჯორჯიას» დამფუძნებელთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-19

თურქი ბიზნესმენი და მეცენატი გალიფ ოზთურქი "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" მეორე მსხვილ დონაციას განახორციელებს-აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და "მეტრო ატლას ჯორჯიას" დამფუძნებლის, გალიფ ოზთურქის შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები, მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და „საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობა განიხილეს. თურქმა მეცენატმა გამოთქვა სურვილი, ქველმოქმების მიზნით, გადარიცხოს დამატებით 500 000 ლარი „სოლიდარობის ფონდში". პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გალიფ ოზთურქს საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისა და ქველმოქმედებისთვის. მისი თქმით, აღნიშნული დონაცია დაეხმარება „სოლიდარობის ფონდს" 22 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უწყვეტ დაფინანსებაში. პრემიერის ინფორმაციით, „სოლიდარობის ფონდი," ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, კოორდინაციას უწევს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობას, რათა მომდევნო 2 წლის მანძილზე საქართველოში შეიქმნას მძლავრი პედიატრიული ონკოლოგიის სამსახური.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ გასულ წელს დაწყებულ პროექტებზე, რომლებიც გრძელდება. ვისაუბრეთ ახალ პროექტზე. ეს იქნება ყველაზე დიდი სასტუმრო საქართველოში, 1200 ნომრიანი სასტუმრო. შევეხეთ სამომავლო გეგმებს, რომელთა განხორციელებასაც ვგეგმავთ თბილისში. საუბარი შეეხო ტურისტულ პოტენციალს, საქართველომ შეიძინა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დატვირთვა და ამ დატვირთვის მაქსიმალური გამოყენების გზებს შევეხეთ. შევთანხმდით იმაზე, რომ ბათუმში გავაკეთებთ ტურისტულ კოლეჯს, სადაც ახალგაზრდები მიიღებენ განათლებას ტურიზმის მიმართულებით. დღეს ჩვენ გადავეცით პრემიერ-მინისტრს სიმბოლური ჩეკი. ჩვენი მეორე დონაცია ითვალისწინებს 500 000 ლარის გადარიცხვას „სოლიდარობის ფონდში". ვულოცავთ საქართველოს, რომ ჰყავს ასეთი ახალგაზრდა, ენერგიული, პოზიტიური პრემიერი,"- განაცხადა ბიზნესმენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალიფ ოზთურქის ჰოლდინგს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პროექტების დასასრულს კი ინვესტირებული იქნება 200 მილიონი დოლარი და დასაქმდება 2500-3000 ადამიანი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას „საქართველოს სოლიდარობის ფონდის" ხელმძღვანელი მარიამ ჯაში დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური