საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

„საოცარი რაღაც მოხდა იმ დღეს, ემოციური დღე იყო, პატრიარქიც ესწრებოდა სპექტაკლს. ლამის სახელმწიფოს დანგრევა დაგვწამეს, ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და დაგვაბრალეს ანტისახელმწიფოებრიობა. ადამიანებმა, რომლებმაც არც სახელმწიფო იციან რა არის, არც ცნება იციან. საცოდავები არიან ის ადამიანები, რომლებიც მიზეზს ეძებენ, როგორღაც თავს დაესხან, იქნება ეს პატრიარქის ინსტიტუტი, მისი პიროვნება თუ მთავრობა, ჩემზე აღარ არის საუბარი. ჩემი განცხადება თუ ნახეთ, იქ ვფიქრობ, ყველაფერი იყო წესრიგში. საუბარი იყო პატრიარქის ჩართულობის გაზრდაზე შეწყალების პროცესში. მე აქვე იმაზეც მივანიშნე, რომ ეს საკითხი კონსტიტუციით არის დარეგულირებული. შეწყალების კომისიაში ჩემი ინფორმაციით, ჩართულია საპატრიარქოს წარმომადგენელი, ერთ-ერთი ეპისკოპოსი. მოვისმინე რა პატრიარქის ემოციური მომართვა, რა თქმა უნდა, გამიჩნდა ემოციური მოთხოვნილება, რომ მიმემართა კანონმდებლობისთვის და პრეზიდენტისთვის, რომლის უშუალო ფუნქციაც არის შეწყალება, რომ განეხილათ ისედაც ჩართული საპატრიარქოს როლის გაზრდა ამ პროცესში. აქ რა იყო გაუგებარი? ან ანტისახელისუფლებო, ან ანტისახელმწიფოებრივი? კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა და გავაშიშვლეთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ყველას თავს დაგვესხნენ. ძალიან სამწუხაროა, მაინტერესებს ამდენი სიძულვილი და აგრესია საიდან დაუგროვდათ ამ ადამიანებს. სამწუხაროდ, შემდეგ საპატრიარქოს მოუწია განმარტების გაკეთება. არავინ ითხოვდა კანონის შეცვლას, მითუმეტეს არც კონსტიტუციის შეცვლას. პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება, მითუმეტეს თავის დაცვა არ სჭირდება. მე არავის ადვოკატი არ გამოვდივარ, პირიქით ჩვენ გვჭირდება მგონი მისი დაცვა. საზოგადოებას თუ რამე შეკითხვა დარჩა, მგონი ამ განცხადებით ყველა კითხვა მოიხსნა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური