საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-25

დღეს მსოფლიო ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სამწუხაროა, რომ ქალთა უფლებების დეკლარაციის მიღებიდან 20 წლის შემდეგაც კი, ჯერ კიდევ მთელ მსოფლიოში ქალთა 35 პროცენტი ძალადობის მსხვერპლია, რაც სრულიად მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის.
ძალიან მტკივნეულია ქალების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა, და არ არსებობს გარემოება, რომლითაც შეიძლება ამის გამართლება. ჩვენ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და ვალდებული ვართ უზრუნველვყოთ ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ქალების მიმართ ძალადობის ყველა აქტს და ვიქნებით გარანტი იმისა, რომ საქართველოში ქალთა უფლებები იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცული. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ქალისადმი დამოკიდებულება და პატივისცემა უმაღლეს რანგშია აყვანილი.
საქართველომ გასულ წელს ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ, რომლის რატიფიცირებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.
წელს საქართველომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების თემისადმი მიძღვნილ გაეროს გლობალური ლიდერების შეხვედრაზე აიღო ახალი ვალდებულებები, რომლებიც ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის განმტკიცებას ითვალისწინებს.
დარწმუნებული ვარ, საქართველო არ უღალატებს თავის ღირებულებებს, წინ აღუდგება ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და ქალის პატივისცემის ტრადიციის ერთგული დარჩება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი