საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა ოქმის ხელმოწერა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-09

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა ოქმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN-ის სამეცნიერო დირექტორმა სერჯიო ბერტოლუჩიმ, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრის გენერალური მენეჯერმა სანდრო როსიმ და ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტმა ფერნანდო ფერონიმ.

„დღეს ჩვენ გავაფორმეთ განზრახულობათა ოქმი თანამშრომლობის შესახებ. ეს ინიციატივა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, თანაავტორები არიან გია დვალი და თეიმურაზ ლომთაძე. ქართული მხარე აქტიურად იქნება ჩართული პროექტის განხორციელებაში, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაფუძნებას საქ-ში, ასევე ინსტიტუტის ჩამოყალიბებას. ეს ორი პროექტი ჯამში დაჯდება 500 მილიონი ევრო, რომელსაც სრულად დააფინასებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მართლაც რევოლუციური პროექტი, რადგან ჩვენი ქვეყანა იქნება დაახლოებით მეხუთე მთელ მსოფლიოში, სადაც აღნიშნული ცენტრი განთავსდება. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის მეცნიერების განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ პროექტში ჩაერთვებიან ახალგაზრდა მეცნიერები, მკვლევარები, რაც მისცემს მათ უნიკალურ შესაძლებლობებს განვითარდნენ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ.

წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ პროექტი დიდ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, ახალგაზრდა მკვლევარებს და იქნება კარგი საშუალება ინოვაციების დანერგვისა და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური