საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს საინვესტიციო ფორუმი მსოფლიო ბიზნესლიდერებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-30

საქართველოს მთავრობა უპირობო მხარდაჭერას გაგიწევთ თქვენ, თქვენს პარტნიორებს და ყველა ინვესტორს, საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და წარმართვის საქმეში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში საინვესტიციო ფორუმზე - Georgia-Making Business Easy შეკრებილ მსოფლიოს წამყვან ინვესტორებს.

საბანკო სექტორი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, წარმოება და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება - ეს ის პრიორიტეტული სექტორებია, რომლებშიც საქართველოში ინვესტირების საუკეთესო შესაძლებლობები არსებობს.

პრემიერმა თითოეულ მათგანზე დეტალურად ისაუბრა.

„საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებულია რეგიონში. მისი კაპიტალის მარაგი და ინვესტიციის ლიკვიდურობის დონე მაღალია. საერთაშორისო ჩართულობის ზრდა ამ სექტორს დიდ სარგებელს მოუტანს; ენერგეტიკის სექტორი მომხიბვლელია, როგორც არსებული ბუნებრივი რესურსების, ისე მზარდი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი ჰიდრორესურსები და გამოუყენებელი საინვესტიციო პოტენციალი. ბოლო წლებში საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ენერგორესურსების ოდენობამ გადააჭარბა შემოტანილ რესურსებს. დღეს ჩვენ ვიყენებთ ჩვენი უზარმაზარი ჰიდრორესურსების მხოლოდ 20 პროცენტს. საქართველოს ელექტროქსელი დაკავშირებულია ყველა მეზობელ ქვეყანასთან, სადაც არსებობს სტრუქტურული ელექტროდეფიციტი და ელექტროენერგიის გამომუშავების სიძვირე. აჭარისწყლის ჰიდროპროექტმა განახორციელა საქართველოში ყველაზე მსხვილი კერძო ჰიდროენერგეტიკული ინვესტიცია (400 მილიონი დოლარი). აჭარისწყალი საქართველო არის ერთობლივი საწარმო, რომელიც აერთიანებს ტატა ჯგუფს (ინდოეთი),Clean Energy Invest (ნორვეგია) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას. ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს ენერგეტიკული თვითკმარობის მიღწევაში. ახლახან მე დავესწარი ისტორიულ მოვლენას - 280 მეგავატის სიმძლავრის ნესკრა-ჰესის მშენებლობის დაწყებას. საქართველოს საპარტნიორო ფონდი, კორეის სახელმწიფო წყლის რესურსების კომპანიასთან თანამშრომლობით, განახორციელებს ერთი მილიარდი დოლარის ინვესტირებას ამ ჰესის მშენებლობაში, რომელიც ყოველწლიურად გამოიმუშავებს 1,2 მილიარდ კილოვატ ენერგიას საათში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს წარმოების სექტორში ინვესტირების კუთხით სთავაზობს და ბიზნესმენებს ევროკავშირთან, თურქეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეეხო სახელმწიფო პროგრამას - „აწარმოე საქართველოში", რომელიც სოფლის მეურნეობაში ინვესტირებით დაინტერესებულ პირთათვის 2014 წლის ივნისიდან მოქმედებს.

მზარდი ტურისტული პოტენციალი იყო კიდევ ერთი თემა, რომელზეც მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა.

„მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ტურისტული აქტივობების ფართო ასორტიმენტი, მათ შორის პლაჟები, სათხილამურო კურორტები, ვენახები, უძველესი ქვაში ნაკვეთი ქალაქები, დიდებული მთები და ნაკრძალები, ასევე ძველი თბილისის ისტორიული ნაწილი. საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველია მთელი წლის განმავლობაში. ჩვენი ქვეყნის, როგორც ღვინისა და სამზარეულოს აკვნის, ისტორიას აქვს ღვინისა და კულინარიული ტურიზმის შემდგომი განვითარების პოტენციალი. შარშან საქართველოს ეწვია დაახლოებით ხუთი მილიონი ტურისტი, ანუ ქვეყნის მოსახლეობაზე მეტი. აღმოსავლეთ ევროპიდან, რუსეთსა და შუა აღმოსავლეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა. სასტუმროები, როგორც წესი, 75-პროცენტული დატვირთვით მუშაობენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ლოგისტიკას, მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, ასევე უზრუნველყოფს კონტეინერების, ტვირთისა და მგზავრთა ეკონომიურ ტრანსპორტირებას აზიიდან ევროპაში 45 პროცენტით უფრო სწრაფად. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირველ წელიწადს, სრულად ამოქმედების შემდეგ, სარკინიგზო მაგისტრალის ტვირთბრუნვა და მგზავრთა ტრანსპორტირების ოდენობა იქნება ხუთი ტონა და მილიონი მგზავრი, ხოლო მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი გასამმაგდება.

„ავტობანების რეაბილიტაციასა და მშენებლობასთან ერთად ეს ინიციატივები ავსებენ და მხარს უჭერენ სხვა პროექტებს, რომელთა მიზანიცაა ევროპისა და აზიის დაკავშირება. მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა საქართველოს პორტებზე, რაც ასახავს კიდეც მოსალოდნელ ეკონომიკურ ტენდენციას. მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა შავ ზღვაზე ახორციელებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. ეს პროექტი მოიცავს შვიდ ფაზას. პორტი, რომლის ყოველწლიური ტვირთბრუნვა იქნება 100 მილიონი ტონა, ახალ დონეზე აიყვანს საქართველოს ლოგისტიკურ შესაძლებლობებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ასევე დეტალურად ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და განაცხადა, რომ ქვეყანას ყველა სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, განუხრელად მიჰყვება დასავლური ინტეგრაციის გზას, აღრმავებს ურთიერთობებს ევროკავშირთან, ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

· ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი პოტენციალით.

· ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა.

· ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა.

· მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით.

· გადასახადების სიმსუბუქის მხრივ კი, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ.

· ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია.

· ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა.

· 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი, რაც არამხოლოდ 87 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს, არამედ ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც არის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.

· ბაზარზე ახალი შემომსვლელებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ორი მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ფონდი: საპარტნიორო ფონდი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.

· ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი განათლების სისტემა, რაც ჯანმრთელი და განათლებული კადრების გარანტიაა.

· კრედიტუნარიანობის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები აფასებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც სტაბილურს და პოზიტიურს.

· კანონის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება: ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე.


"მე ვთვლი რომ ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ეს არის. სასამართლო სრულად თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ისაუბრა მსოფლიო ბანკის მმართველობასთან დაკავშირებულ კვლევაზე და აღნიშნა, რომ საქართველო, ყველა ინდიკატორის მიხედვით, რეიტინგში მოწინავე პოზიციებზეა, რაც მთავრობის წარმატების უტყუარ მაგალითს წარმოადგენს.

2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა:

· 16 პუნქტით გამოხატვისა და ანგარიშვალდებულების კატეგორიაში;

· 22 პუნქტით პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობის კატეგორიაში;

· 13 პუნქტით რეგულაციების ხარისხის კატეგორიაში;

· 19 პუნქტით კანონის უზენაესობის კატეგორიაში;

· 23 პუნქტით კორუფციის კონტროლის კატეგორიაში.

პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განლაგებულია უზარმაზარი თავისუფალი სავაჭრო ქსელის გულში:

· აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, თურქეთსა და რუსეთთან, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან, ე.წ. დსთ-ს ქვეყნებთან.

· ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

· მალე შეიძლება გავხდეთ პირველი ევროპული ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ჩინეთთან.


პრემიერ-მინისტრმა ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში საქართველოს როლზეც ისაუბრა და ინვესტორები აბრეშუმის გზის პირველ ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს. ფორუმზე რეგიონალური ლიდერები და ბიზნესები ყურადღებას გაამახვილებენ თანამშრომლობაზე ოთხ ძირითად სფეროში - ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ბიზნესებს შორის კონტაქტები.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ - აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე ბრიუს ენდრიუსი, ასევე, ლიდერები ჩინეთიდან, ავღანეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ევროკავშირსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან და 300-ზე მეტი ინვესტორი.

„ჩემთვის სასიხარულოა თქვენი მობრძანება. საქართველო მართლაც უდიდესი საგანძურია, სტაბილური, ძლიერი და ღია", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ინვესტორებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ფორუმზე განსაკუთრებით მიესალმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს დეინა ჰაიდს და აღნიშნა, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. პრემიერის თქმით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დახმარებით მთავრობა ასრულებს დაპირებას განათლებული კადრების მომზადებასთან დაკავშირებით, რომელთა დახმარებითაც საქართველო იქცევა თანამედროვე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოდ.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოში საქმიანობის მხარდაჭერისთვის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა. დეინა ჰაიდმა აღნიშნა, რომ საქართველომ დიდი ხანია, გააცნობიერა ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნის აუცილებლობა;

„2004 წელს, საქართველო 112-ე ადგილზე იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის „ბიზნესის ადვილად წარმოების ინდექსით", ხოლო 2015 წელს - მე-15 ადგილზეა. ასე რომ, ეს წარმოუდგენელი ზრდაა, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე მიღწეულ პროგრესზე მიუთითებს... ვფიქრობ, რეალური შესაძლებლობა გვაქვს ერთად ვიმუშაოთ. მე მქონდა სასიამოვნო შესაძლებლობა, ჩავსულიყავი თბილისში. თქვენ თბილი კულტურა გაქვთ, თბილი ხალხი გყავთ და სადღეგრძელოების თბილი ტრადიციები გაგაჩნიათ. მინდა, გამოსვლა სადღეგრძელოთი დავასრულო და ვადღეგრძელო წინსვლა, პარტნიორობა და ხანგრძლივი ეკონომიკური შესაძლებლობები ამ ორ ერს შორის და ამ დარბაზში შეკრებილს ადამიანებს შორის", - განაცხადა დეინა ჰაიდმა.

მთავრობის მეთაურმა ფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა. საინვესტიციო ფორუმს მსოფლიოს წამყვანი ბიზნესლიდერები დაესწრნენ, მათ შორის - კომპანია 32 Advisors-ის ვიცე-პრეზიდენტი მარტინ მოისბურგერი, African Trade and Business Center-ის მმართველი პარტნიორი თი ტომპსონი, Avir Group-ის ხელმძღვანელი რიჩარდ სმიტი, BlueCap Economic Advisors-ის მმართველი დირექტორი გარი მარქსი, Brunswick Group-ის დირექტორი ლიზ დაჰანი, Contract Pharmacal-ის აღმასრულებელი დირექტორი მეტ ვულფი, Deloitte-ის დირექტორი ჩარლზ რუბი, Dreamit Ventures-ის თანადამფუძნებელი პატრიკ ფიცჯერალდი, NBC Universal-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ჩეთემი, Synergics Energy Development-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ვეინ როჯერსი და სხვები.