საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-04

საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბორგე ბრენდეს შეხვედრაზე.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის პოტენციალზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნორვეგია წარმოადგენს საქართველოს მხარდამჭერ ქვეყანას და ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ასევე აღინიშნა, განვითარების თანამშრომლობის კუთხით, ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობა.

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების საკითხებთან დაკავშირებით ნორვეგიის ცალსახა მხარდამჭერ პოზიციას. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბორდე ბრენდე დღეს საოკუპაციო ხაზს სტუმრობდა და სოფელ ხურვალეთში მავთულხლართების გაბმის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

შეხვედრაზე იმ შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი. "საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ" შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მიმოსვლისთვის ხელსაყრელი პირობების შემოღებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური