საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სიახლე სასჯელაღსრულების სისტემაში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-04

 2

შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად, სასჯელაღსრულების სამინისტრო 200 სამაჯურს შეიძენს-პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სასჯელის მოხდის ახალი ფორმის-შიდაპატიმრობის განსახორციელებლად, საჭიროა სპეციალური მოწყობილობების შეძენა.
სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის წევრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, თავდაპირველად სამაჯურებით, რომელთა შესყიდვა ამერიკული კომპანიისგან მოხდება, არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ და მათი ღირებულება 520 000 დოლარია.
"ეს იქნება ახალი ეტაპი მართლმსაჯულების სფეროში, რადგან მსგავსი მექანიზმი პირველია რეგიონში. სამაჯურების დამკვიდრება მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომში პატიმრების რაოდენობას...შინაპატიმრობა უნდა ამოქმედდეს 2015 წლის სექტემბრიდან. აქედან გამომდინარე, დავადგინეთ კომპანია, რომელიც აწარმოებს და 30 ქვეყანაში ამუშავებს ელექტრონულ სამაჯურებს შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად. უკვე გვქონდა მასთან მოლაპარაკებები. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის უზრუნველყოფის მიზნით თავდაპირველად ვგეგმავთ შევიძინოთ 200 ერთეული შესაბამისი სამაჯური თავისი სერვერებით და მომსახურებით", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
სასჯელის ახალი ფორმა საქართველოში მიმდინარე თვეში უნდა ამოქმედდეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური