საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

«ნენსკრაჰესის» მშენებლობა იწყება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-31

მილიარდი დოლარის ინვესტიცია და 280 მეგავატის სიმძლავრის ჰესი სვანეთში, - „ნენსკრაჰესის" მშენებლობა იწყება.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტის ხელმოწერის ცერემონიას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

„ნენსკრაჰესი" ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს და პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მილიარდი კილოვატ/საათი იქნება.

„ჰესი ისეა დაპროექტებული, რომ უზრუნველყოს ზამთრის თვეებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება, რაც გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობას და ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. „ნენსკრაჰესის" პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან მისი განხორციელებით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება ასეთი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური. „ნენსკრაჰესის" პროექტის განვითარება 2010 წელს დაიწყო, მაგრამ ეს მოჩვენებითი აღმოჩნდა, პროექტი შეჩერდა, რადგან შერჩეულმა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა სათანადო მოთხოვნები. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დავიწყეთ მუშაობა პროექტზე. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შემოდის სამხრეთ კორეის სახელმწიფო წყლის კომპანია, რაც არის ჩვენი ქვეყნისადმი, ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატისადმი ნდობის გამოხატულება. ჩვენ გვყავს როგორც ღირსეული ინვესტორი - Korea Water Corporation, ისე ღირსეული სამშენებლო კომპანია - Salini Impregilo", - განაცხადა პრემიერმა.

პროექტის ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული დეტალები უკვე შეთანხმებულია და მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰესის მშენებლობა ემყარება Build-Operate-Transfer (BOT) სტრუქტურას, რომლის თანახმადაც ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰიდროელექტროსადგური, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და შემდეგ უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში საქართველოს სახელმწიფოს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ნენსკრაჰესი" იქნება საქართველოში პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდება ამ მოდელით და საბოლოოდ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ენერგოსისტემაში უკვე განხორციელებულ პროექტებსაც შეეეხო.

· აშენდა 9 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 157 მეგავატია;
· დასრულდა გარდაბნის 237 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა;
· მშენებლობის პროცესშია 16 ჰიდროელექტროსადგური;
· 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ენერგეტიკაში 400 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

პრემიერმა პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ირაკლი კოვზანაძეს და Korea Water Corporation-ს მადლობა გადაუხადა.
„ნენსკრაჰესის" პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური