საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოში ინდური ინვესტიციები განხორციელდება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-31

მსხვილი ინდური კომპანიები - Unique Mercantile India და Apna Punjab Resorts საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ, - პოტენციურ ინვესტორებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

კომპანიების ხელმძღვანელები დაინტერესებულნი არიან თბილისში, წყალტუბოში, ბათუმსა და მესტიაში ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელისა და პროფესიონალური გოლფის მოედნის მშენებლობა-ოპერირებით, ასევე - ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის შეძენით.

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ინდური ინვესტიციის განხორციელებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ პროექტები წარმატებით განხორციელდება.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის მზარდ ტურისტულ პოტენციალს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო, ბიზნესგარემოს კუთხით, მსოფლიოს გავლენიან რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზეა.

მსხვილი ინდური კომპანიები ინდოეთში, სინგაპურში, მალაიზიასა და ინდონეზიაში რამდენიმე ათეულ სასტუმროს ფლობენ, ასევე დაკავებულნი არიან ტურისტების გადაყვანით. ინდური კომპანიების ხელმძღვანელები, ტურიზმის სექტორში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და საინვესტიციო ლოკაციების შერჩევის მიზნით, საქართველოში უკვე მეორედ იმყოფებიან. მათთან ეროვნული საინვესტიციო სააგენტო თანამშრომლობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური