საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

,,მთა ჩვენი ქვეყნის და ხალხის სიამაყეა'' ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-02

მინდა, ყველას მოგილოცოთ შუამთობა, დღე, რომელიც სიკეთეს, სიყვარულს და ერთიანობას უკავშირდება, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბეშუმობის სახალხო დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბეშუმობის დღესასწაული, წინაპრების მიერ შემონახული ტრადიციაა, რომელიც დრესაც, 21-ე საუკუნეში გრძელდება.
"მთელი გულით ვუერთდები თქვენს სიხარულს, სიყვარულს და მინდა, ერთად ვიზეიმოთ დღევანდელი დღე. მინდა, გისურვოთ, ეს დღე იყოს მეტი სიყვარულის, სიკეთისა და ერთიანობის მომტანი, რაც ჩვენ, ქართველებს ასე გვჭირდება. ერთიანობის და სიყვარულის გარეშე ჩვენი წარმატება მიუღწეველია. მინდა, ყველას მოგეფეროთ და აღვნიშნო მაღალმთიანი აჭარლების განსაკუთრებული ქართველობა. ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, რომ მეორე წელია, თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღესასწაულს. მთა ჩვენი ქვეყნის და ხალხის სიამაყეა და მთაში მცხოვრებ ხალხს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა ვიზრუნოთ მათზე",- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, მთის გაძლიერება მთავრობის პრიორიტეტია.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიიერ-მინისტრობისას დაიწყო მთის გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამები და უკვე ამოქმედდა კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ".

"მომავალი წლიდან ჩვენ დავიწყებთ ხელშემწყობ პროგრამებს როგორც აჭარის მაღალმთიანეთის, ისე სხვა მაღალმთიან რეგიონებში, რაც მჯერა, რომ მთის მცხოვრებლებისთვის დიდი სტიმულის მიმცემი იქნება. ბეშუმი საოცარი ადგილია, მინდა განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს უხუცესებს, რომელთა სიტყვას განსაკუთრებული ფასი აქვს", - განაცხადა პრემიერმა.

შუამთობის დღესასწაულის ფარგლებში, ბეშუმში ფოლკლორული კონცერტი, სპორტული შეჯიბრებები და დოღი გაიმართა. ტრადიციისამებრ, შედგა მექორწილე წყვილის ნიშნობის ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალდაქორწინებულ წყვილს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური