საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა „თბილისი 2015-ის“ დახურვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-01

საქართველოსთვის საპატიოა ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა და წვლილის შეტანა ადამიანებსა და ქვეყნებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში, რაც ოლიმპიური ტრადიციების ქვაკუთხედია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ,,თბილისი 2015-ის" წარმატებით ჩატარებაში - სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიას და „ჰუალინგ ჯგუფს", რომელმაც ოლიმპიური სოფელი ააშენა.
„ჩემთვის ძვირფასია ამ ღონისძიების თითოეული წამი. ამ კვირის განმავლობაში მე გავხდი საქმისადმი განსაკუთრებული ერთგულებისა და ოსტატობის, პროფესიონალიზმის, გამბედაობისა და გამძლეობის, გუნდური მუშაობისა და სამართლიანი შეჯიბრის მოწმე. ვიცი, რომ გამოვხატავ იმ გრძნობებს, რომლებიც აერთიანებს ათი ათასობით მაყურებელს თბილისსა და მთელს მსოფლიოში, როცა ვამბობ, რომ გული უსაზღვრო სიამაყით მევსება, როდესაც ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ვუყურებ. თქვენი წარმატება და თქვენი სულისკვეთება ჩვენი შთაგონების წყაროა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ, ვისი წყალობითაც ეს არაჩვეულებრივი ღონისძიება რეალობად იქცა", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისთვის ეს გამოცდილება ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფესტივალი იხურება, მაგრამ ის საქართველოს უტოვებს კონკრეტულ და მნიშვნელოვან მემკვიდრეობას სამომავლო განვითარების ხელშესაწყობად.
„ვამაყობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობები მოემსახურება მომავალი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების აღზრდას, მომზადებასა და ჩამოყალიბებას. მეამაყება, რომ ოლიმპიური სოფელი სულ მალე საცხოვრებლით უზრუნველყოფს 600-მდე ოჯახს, რომელთაც ომის დროს სახლები დაკარგეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ჩვენთვის სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა საქართველოში. ვიმედოვნებ, სასიამოვნო დრო გაატარეთ ჩვენს ქვეყანაში და შინ განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით ბრუნდებით, მჯერა, რომ აქ ბევრი მეგობარი შეიძინეთ და ამ მეგობრობას შეინარჩუნებთ", - მიმართა პრემიერმა ფესტივალის დახურვის ცერემონიის სტუმრებს.
ღონისძიების დასასრულს მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს ავტოგრაფები მისცა.
საზეიმო დახურვის ცერემონია საერთაშორისო ოლიმპიური ჰიმნით, დროშების გაცვლითა და ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობით დასრულდა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველომ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ღირსეულად ჩაატარა.
„როგორც დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას, ასევე 4 000 სპორტსმენს, მათ ღირსეულად ვუმასპინძლეთ. ის დონე, რომელიც შევთავაზეთ სპორტსმენებს, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს, არის განსხვავებული იმისგან, რაც იყო წინა წლებში. ისინი ყველა აღნიშნავენ, რომ ეს იყო ფანტასტიური, უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ფესტივალი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური