საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

„თბილისი 2015“ ოფიციალურად გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-27

50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი და მაღალი რანგის სტუმრები თბილისში, - ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. 

გახსნის საზეიმო ცერემონიაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა და „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი, რომელიც საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ექსპოზიცია "არგონავტები", ქართული ცეკვები, ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტები, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი პაატა ბურჭულაძის შესრულებით და გრანდიოზული ფოიერვერკი, შოუს შემადგენელი ნაწილები იყო.
ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც თბილისი 1-ელ აგვისტომდე უმასპინძლებს, შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური