საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ოფიციალური სადილი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-26

ვროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური დელეგაცია უკვე თბილისში იმყოფება. სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
"ჩვენთვის დიდი პატივია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა. მინდა, მადლობა მოვახსენო ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს და პირადად ბატონ პატრიკ ჰიკს საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის.
განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ ევროპის საკორდინაციო კომისიას და მის წევრებს - ჯოზეფ ლიბასა და კატერინა ნიცოვას მთელი ამ ხნის განმავლობაში თბილისი 2015-ის საორგანიზაციო საკითხებში ასეთი აქტიური ჩართულობისთვის. ჩვენი ქვეყანა ამ დღეებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. ჩვენ განვახორციელეთ მასშტაბური პროექტები, რათა ღირსეულად დავხვედროდით სტუმრებს. ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ, გახლავთ ოლიმპიური სოფელი. იგი მთლიანად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და ამაში თქვენ თავად დარწმუნდებით", - მიმართა სტუმრებს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმული ფესტივალის სამზადისში და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ 2 ათას მოხალისეს შორის უცხოელებიც იმყოფებოდნენ.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს მთელი ქვეყანა სპორტული დღესასწაულის მოლოდინშია.
„დარწმუნებული ვარ, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის საპატიო სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის გახდება სავიზიტო ბარათი და საერთაშორისო დონის კიდევ არაერთ სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოლიმპიადის სამზადისში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა.
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი უშუალო ჩართულობის გარეშე დღეს ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. სამი დღეა, საქართველოში ვიმყოფები და დავათვალიერე ოლიმპიური ფესტივალისთვის განკუთვნილი თითქმის ყველა ობიექტი, მათ შორის ოლიმპიური სოფელი. მინდა გითხრათ, რომ ნანახით გაოცებული ვარ. თქვენ მართლაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულეთ", - მიმართა პრემიერ-მინისტრს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა.
პატრიკ ჰიკმა ირაკლი ღარიბაშვილი ფესტივალის სამზადისში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა. ჯილდოები ასევე გადაეცათ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს, ემზარ ზენაიშვილს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს, „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ალექსი ახვლედიანს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, თბილისის მერ დავით ნარმანიას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური