საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერმა პენიტენციური სისტემის მართვის ცენტრი გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-24

სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარება 24-საათიან რეჟიმში გაკონტროლდება, - პენიტენციური რეფორმის ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში შექმნილი თანამედროვე ელექტრონული მართვის ცენტრი დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ერთად გახსნა.

მთავრობის მეთაური უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ცენტრის ფუნქციას გაეცნო, საიდანაც პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი განხორციელდება.
მინისტრმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ცენტრის დანიშნულებაა მიმდინარე რეჟიმში სისტემაში არსებული ვითარების ელექტრონული მონიტორინგი და სიტუაციური ანალიზი, ხოლო კრიზისულ ვითარებაში - ოპერატიული შტაბის როლის შესრულება. პირველად, სამინისტროს ისტორიაში ჩამოყალიბდა ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც ინფორმაციის დამუშავებას, სტატისტიკის წარმოებასა და ანალიზს უზრუნველყოფს.

ირაკლი ღარიბაშვილმა საბადრაგო სამსახურის ახალი ავტომობილებიც დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებზეა მორგებული და მსჯავრდებულთა ადამიანის უფლებების სრული დაცვით გადაადგილებას უზრუნველყოფს.
"თქვენ ერთის მხრივ ხედავთ ჩვენი მთავრობის სახეს, მეორეს მხრივ - სააკაშილის სახეს. აქ ჩანს ყველაფერი, განსხვავება მიდგომებში, მოპყრობასა და ადამიანურობაში. ის, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ ციხეებში, აბსოლუტურად რევოლუციურია. კარგად მოგეხსენებათ, როგორი მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა - სადიზმი, რომელიც დამკვიდრებული იყო სააკაშვილის დროს. ყველამ ნახა განახლებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ ციხეებში. ეს არის ძალიან დიდი წინსვლა და სწორედ ამის გამო, ევროკავშირი, აშშ-ი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ერთხმად აღიარებენ, რომ ჩვენ ამ მიმართლებით უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს სტუმრობდა აშშ-ის ვისკონსინის შტატის პენიტენციური სისტემის წარმომადგენელი, რომელიც ნანახით განცვიფრებული დარჩა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს არის რეალური შედეგი, რომელსაც მთავრობამ ორი წლის განმავლობაში მიაღწია. პრემიერმა სასჯელაღსრულების მოქმედ და ყოფილ მინისტრებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის მთავარია, სისტემა იყოს აბსოლუტურდა გამჭვირვალე და მის მიმართ აღდგეს საზოგადოების ნდობა, რომელიც არ არსებობდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ჩვენი მთავრობა ანგარიშვალდებულია საკუთარი საზოგადოების, ამომრჩევლის წინაშე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური