საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება ტარიფის კორექტირების საკითხთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-23

თუკი ტარიფი დაკორექტირდება და აიწევს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს, აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
მისი განმარტებით, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, დღეს განიხილავს სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების საკითხს, რის შემდეგაც მთავრობა სუბსიდირების შეთანხმებულ სქემას წარადგენს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა, რომ არის სოციალურად ორიენტირებული ხელისუფლება.
„ჩვენ 3 წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის გავაკეთეთ და ვაკეთებთ ძალიან ბევრ რამეს. ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენ სოციალურ პროექტებზე დავხარჯეთ 5 მილიარდ 370 მილიონ ლარამდე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით - 400 მილიონამდე ლარი, განათლების მიმართულებით - 175 მილიონ ლარამდე, დევნილთა სოციალური პროექტებისთვის 100 მილიონ ლარზე მეტი. ბუნებრივია, ამ დანახარჯმა მოსახლეობას ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა," - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში ყოფნის დროს, წამოწია ტარიფის თემა და სემეკთან აქტიური მუშაობის შედეგად მაშინ მოხერხდა სამომხმარებლო ტარიფის 3.54 თეთრით დაწევა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს დაავალა დღის ბოლომდე შეიკრიბონ და დროულად წარმოადგინონ სუბსიდირების შეთანხმებული სქემა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური