საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-07

აუცილებელია, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება გაგრძელდეს და ჩვენ ამ გზაზე აბსოლუტურად შეუპოვარი ვიქნებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, ლევან მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია და სისტემა ყოველგვარი ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს.
შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინიციატივით გაიმართა, ლევან მურუსიძემ პრემიერს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრებები გააცნო.
ლევან მურუსიძეს პარლამენტში გადაგზავნილ კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, რომელზეც კონსულტაციები პარლამენტში გაგრძელდება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ხელს შეუწყობს სასამართლოს მაქსიმალურ გაძლიერებას.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ საჭიროა მთავრობის აქტიური დახმარება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ კორუფციის რისკები სასამართლოში, რადგან კორუფცია არის დამანგრეველი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. ამ ნაწილში მაქსიმალურად ფრთხილად და ფხიზლად ვიქნებით. ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა სასამართლოს შიგნით. ჩვენ ყოველგვარი რყევები უნდა ავიცილოთ თავიდან. საჭიროა კონსულტაციების და დიალოგის გზით გადავწყვიტოთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი საკითხი", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სასამართლოზე საუბრისას მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ პოლიტიკოსებმაც.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანია ძლიერი სასამართლოს ჩამოყალიბება და განმტკიცება, რათა მოქალაქეებს დაუბრუნდეთ განცდა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და აღდგეს ნდობა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა პრემიერს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან მურუსიძემ სასამართლო სისტემის სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პოლიტიკოსებს მიმართა თხოვნით, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციის გამოხატვისგან თავი შეიკავონ, რადგან ამით შესაძლოა, სასამართლოს იმიჯი შეილახოს.
„ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამას სჭირდება გაგრძელება, სტაბილურობა. ყველა ვალდებულია, ამ ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდეს და იზრუნოს დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულებისთვის", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური