საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

რკინიგზის ახალი სადგურის გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-05

ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე, ოთხსართულიანი ბიზნესცენტრის, "ბათუმი-ცენტრალის" შენობაში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნა- გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ბათუმელებს ახალი სადგურის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ბათუმი უკვე აღარ არის რკინიგზისგან მოწყვეტილი ქალაქი.

„ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ბათუმისთვის. პროექტის განხორციელებაში თავისი წვლილი შეიტანა საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს რკინიგზამ, მადლობა მინდა გადავუხადო მათ და მადლობა გადავუხადო ინვესტორებს. ბათუმის პოტენციალი არის მზარდი და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ პოტენციალის გამოყენებას, იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარება, პორტები თუ რკინიგზა,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განმარტებით, აჭარაში საკურორტო და ტურისტული სეზონი პიკს უახლოვდება და ასეთ დროს გამართულ ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სადგურის გახსნა ემთხვევა იმ უნიკალურ პროექტს, რომელსაც ხვალ, ბათუმში ვიწყებთ. 6 ივლისს სტარტს აიღებს „ჰით ბათუმი 2015". ეს კი იმას ნიშნავს, რომ უწყვეტ რეჟიმში, ბათუმის ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს, ელის ორი დაუვიწყარი თვე. პროექტი „ჰით ბათუმი" სხვადასხვა ტიპის გასართობ ღონისძიებებს და ფესტივალებს ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანებს, რომლის შედეგადაც ყველა ტურისტს დავამახსოვრებთ, რომ ბათუმში ყოველ დღე რაღაც საინტერესო ხდება. ამ პროექტის ხელშემწყობი და ორგანიზატორი მთავრობასთან ერთად, აჭარის ადგილობრივი ხელისუფლებაა. ასე რომ, მოგიწოდებთ, ჩამოდით ბათუმში და გაატარეთ ეს სეზონი „ჰით ბათუმთან" ერთად,"-აღნიშნა პრემიერმა.

ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობამ "საქართველოს რკინიგზასთან" ერთად, მოსახლეობის ინტერესებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით განახორციელა. პირველ რიგში, მგზავრები დაზოგავენ დროს და დღეიდან უკვე შესაძლებელი გახდება ქალაქის ცენტრში იმავე ფასად ჩასვლა, რა ფასადაც თბილისიდან მახინჯაურამდე მგზავრობდნენ.

22 ათას 500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, რკინიგზის სადგურის გარდა, განთავსებულია ბიზნეს-ობიექტები, გასართობი ცენტრები და ავტოსადგური. პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები. შენობაში უკვე მოეწყო რკინიგზის მომსახურების სერვისცენტრი ოფისებითა და სალაროებით. კეთილმოწყობილია ასევე მგზავრთა მოსაცდელი დარბაზები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური