საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სადგურ ,,ძირულასთან'' ახალი გვირაბი გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-05

2

"საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სარკინიგზო სადგურ "ძირულასთან" ახალი გვირაბის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

"საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში აშენებული 962 მეტრი სიგრძის გვირაბი, საქართველოს მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა და "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელისგან პროექტის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

"საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ხაშური-მოლითის 22 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი, ელექტროფიცირებული ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. დაგეგმილია ხარაგაული-ზესტაფონის 23 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის სრული რეკონსტრუქცია. საერთო ჯამში 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

„იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, პორტებთან ერთად, ჩვენი სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და, რაც მთავარია, უნდა ჰქონდეს დამატებითი ტვირთის გატარების შესაძლებლობა. თავდაპირველი პროექტი ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა, ტვირთგამტარიანობა მცირდებოდა 50%-ით. აღნიშნული პროექტი, რომელიც ჯდება დაახლოებით 700 მილიონი ლარი, სამჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა. ჩვენი ქვეყნის მთავარი პოტენციალი არის ადგილმდებარეობა, რომლის გონივრული გამოყენებაა აუცილებელი. ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა სწორედ მსგავსი პროექტის მეშვეობით უნდა მოხდეს,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაიჭრება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც საქართველოში რკინიგზის არსებობიდან დღემდე გვაქვს. კერძოდ, შესაძლებელი იქნება ერთლიანდაგიანი მონაკვეთის ორლიანდაგიანად გადაკეთება.

"საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ღირებულება 700 მილიონ ლარს შეადგენს, 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად კი ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 65 მილიონ ტონამდე გაიზრდება. შემცირდება ეკოლოგიური რისკები მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო უბანზე, გაუმჯობესდება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობა და თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო თითქმის ერთი საათით შემცირდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური