საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ახალ საწარმოში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-02

2   3

საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით, რუსთავის გზატკეცილზე თანამედროვე, იტალიური დანადგარებით აღჭურვილი ახალი საწარმო „პანექსი" აშენდა, რომელმაც მშენებლობისთვის საჭირო ე.წ. „სენდვიჩ პანელების" პროდუქცია უნდა აწარმოოს.
გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მან ახლადაშენებული საწარმო დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გააიაფებს ინდუსტრიული მშენებლობების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სამშენებელო სექტორის განვითარებას.
„ასეთი სამშენებლო მასალის წარმოება მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ეს დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს სამშენებლო სექტორს. ჩვენს მშენებლებს არ მოუწევთ უცხოეთიდან პროდუქციის შემოტანა. „პანექსის" პროდუქცია ასევე გავა ექსპორტზე ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში ,"-აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობას დადებითი შედეგები მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი არის წარმოების განვითარება. იმედი მაქვს, რომ იმპორტს ადგილობრივი წარმოება ჩაანაცვლებს, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებული იქნება,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ე.წ. „სენდვიჩ პანელების" პროექტზე მუშაობა საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია ICES-თან ერთად გასული წლის მარტში დაიწყო. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა $ 6 მლნ აშშ დოლარია. ფონდის მონაწილეობა პროექტში 49%-ია. პროდუქციის 60% საქართველოში გაიყიდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპორტზე გავა. საწარმოო ხაზის დაგეგმილი სიმძლავრე წელიწადში 2.8 მლნ მ² პანელია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური