საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშესთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-26

სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირისწარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშეს, ხუან ხოსე ეჩანოვეს „ოქროს საწმისის" ორდენი გადასცა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, 2012 წლიდან დღემდე ხუან ეჩანოვე პირადად უწევს დახმარებას საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას, შესრულების მონიტორინგს და აქტიურად თანამშრომლობს როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებთან, ისე ფერმერებთან, კოოპერატივების წევრებთან და ატარებს მხარდამჭერ კამპანიას სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაციისთვის.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხუან ხოსე ეჩანოვე აქტიურად იყო ჩართული სოფლის მუერნეობის დარგის სტრატეგიის შემუშავებაში და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის დონორთა კოორდინაციისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის ევროპული ქვეყნებიდან მხარდაჭერისა და დონორთა მოზიდვის საქმეში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშემ ხუან ეჩანოვემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მისი საქმიანობის დაფასებისთვის და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

„ხუანს მართლაც დიდი წვლილი აქვს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში და ის პროგრესი და შედეგები, რაც დღეს არის ამ სექტორში მისი დამსახურებაცაა. განსაკუთრებით გამოვყოფდი რეგიონალურ-საკონსულტაციო ექსტენციის ცენტრებს და კოოპერაციის განვითარებას,"-აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური