საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

,,ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება'' ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-29

საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 11 წლის მანძილზე, გასულ წელს საქართველოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2014 წლის განმავლობაში 33 100 სამუშაო ადგილი შეიქმნა, საიდანაც 90% კერძო სექტორზე მოდის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

„პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ექსპორტის დინამიკაში, მაღალი ზრდის ტემპები შენარჩუნებულია სოფლის მეურნეობაში, გაზრდილია სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი, რაც ასევე პოზიტიური სიგნალი და ტურისტების მზარდი რაოდენობის შედეგია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურ ტურისტულ სეზონს ელოდება.

პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა აპრილშიც, რის შესახებაც დაზუსტებული მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები აქტიურად მუშაობენ, როგორც ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ასევე - პრივატიზაციის გეგმაზე.
პრემიერმა ეკონომიკურ გუნდს მიმართა, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას, რათა ეკონომიკაში არსებული პოზიტიური დინამიკა კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური