საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-26

   

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმრებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დღემ რადიკალურად შეცვალა საქართველოს მომავალი.

„მიუხედავად 70-წლიანი წყვეტისა, დღეს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა. ეს ჩვენი დიდი წინაპრების უდიდესი მონაპოვარია. ჩვენ, ყველა ერთად, ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლის ფასად ჩვენამდე მოიტანეს. დღეს საქართველო დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგას. რა თქმა უნდა გვაქვს სირთულეები, მაგრამ თანმიმდევრულად მივყვებით დასახულ გზას. ამაში ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეხმარებიან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა რიგის სამიტის შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ნდობა საქართველოს ხელისუფლებისა და მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი.

"მჯერა, საქართველო გამთლიანდება და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში. ჩვენ ამის ყველა რესურსი გვაქვს. ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია ერთად დგომა, საკუთარი ქვეყნისთვის თავგანწირვა. სწორედ ერთიანობამ და ნამდვილმა პატრიოტიზმმა მოგვიყვანა დღემდე და მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური