საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი რუსთაველის გამზირზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-26

 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ოჯახთან ერთად, რუსთაველის გამზირზე გაისეირნა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უწყებების მიერ განთავსებული საინფორმაციო-გასართობი კუთხეები დაათვალიერა. მთავრობის მეთაური მოზეიმე მოსახლეობასაც გაესაუბრა და პატარებთან ერთად ფოტოები გადაიღო.
ღონისძიებების დასასრულს, პრემიერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"მინდა პირველ რიგში ჟურნალისტებს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ მეტი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და გაძლიერება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოსთვის. ასევე ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ეს არის ძალიან დიდი სახალხო დღესასწაული და ყველას გვიხარია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" მიერ წამოებული სამხედრო ტექნიკა და უპილოტო სამხედრო აპარატი წარუდგინა და მის ავტორებს მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე კომენტარი გააკეთა თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული.
"ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოლიმპიადა ტარდება თბილისში. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ ღონისძიების ჩატარებას. იმედი გვაქვს, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური