საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ფიცის დადების ცერემონია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-26

32 

თავისუფლებას გაფრთხილება სჭირდება, არასახელმწიფოებრივ აზროვნებას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ზიანი მოაქვს და ამის მაგალითები მრავლად გვაქვს სამწუხაროდ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფიცის დადების ცერემონიას მთავრობის მეთაური მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო. მან საქართველოს მოქალაქეებს, ჯარისკაცებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებს ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს დამოუკიდებლობა ეს ნიშნავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეს არის დასაწყისი ქართული სახელმწიფოებრიობის. ეს ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას და სახელმწიფოს, როგორც ერთიანი ოჯახის, გაძლიერებასა და გამტკიცებას. დამოუკიდებლობის დღე არის, ამავე დროს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დღე. როცა ყველა ერთად უნდა ვაცნობიერებდეთ იმ საერთო სიკეთეს, რაც სამართლებრივ სახელმწიფოს მოაქვს. ამ იდეას მრავალი თაობა შეეწირა. მრავალი მათგანის ოცნებად დარჩა მისი ხილვა, ხოლო დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, რომ ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, ქართულ სახელმწიფოში. სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა იმ თაობების წინაშე, ვინც ეს იდეა განახორციელა. ვინც ჩვენ ქართული სახელმწიფო დაგვიტოვა. ეს არის პასუხისმგებლობა ამავდროულად, ჩვენი მომავალი თაობის წინაშე, ვისაც უნდა დავუტოვოთ ერთიანი, ძლიერი და სამართლიანი სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად წვევამდელებს მიულოცა.

„სიმბოლურია, რომ თქვენ დღეს გახდით საქართველოს ჯარისკაცები - ეს დიდი და საამაყო სახელია. დღეს თქვენ ფიცით განამტკიცეთ საკუთარი მზადყოფნა, ერთგულად და პატიოსნად ემსახუროთ სამშობლოს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რის ფასად ვდგავართ აქ, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა და თავისუფლება. და არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსთვის. მათი თავდადების შედეგია, რომ დღეს თქვენ ამაყად შეგიძლიათ თქვათ - „ვემსახურები საქართველოს!",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა 26 მაისის თარიღი მიულოცა საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართული შენაერთების ჯარისკაცებს და მათ სიმამაცისა და ვაჟკაცობის სიმბოლო უწოდა.

„ჩემთვის დიდი პატივია, 26 მაისი მივულოცო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, განსაკუთრებით ქართულ შენაერთებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოსგან შორს, უცხო მიწაზე თავდადებით, ერთგულად ემსახურებიან მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ჩვენი და ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოებას. მე მეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცი ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის შეუპოვრობის, სიმამაცისა და ვაჟკაცობის სიმბოლოდ იქცა,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული მეომრები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების 200 კურსდამთავრებულმა დადო. თავისუფლების მოედანზე მოეწყო სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. საზეიმო ღონისძიებაში ქართული ავიაციაც ჩაერთო.
წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური