საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-25

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, - პრემიერ-მინისტრის დავალებით, ცენტრის რეორგანიზაცია, ფონდებში არსებული ვითარების შესწავლა, ახალი შენობის მშენებლობა და თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთების გაზრდა იგეგმება.

ამ თემებზე საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორს, ზაზა აბაშიძეს ესაუბრა, რომელსაც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

პრემიერი სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ, სახელმწიფოს ინტერესი არასოდეს გამოუჩენია და დღეს არსებობს საკითხის პოლიტიზების მცდელობა, რაც დაუშვებელია.

მთავრობის მეთაური ცენტრის განვითარების ახალ ეტაპთან დაკავშირებულ ყველა პროცესში პირადად იქნება ჩართული და იმედოვნებს, რომ ყველაფერი გეგმის შესაბამისად განხორციელდება.

„ერთი თვის ვადაში რამდენიმე ლოკაციას შევარჩევთ და ცენტრისთვის ახალი, თანამედროვე შენობა აშენდება, სადაც დაცული იქნება სათანადო პირობები, მოწესრიგდება ფონდები და თანამშრომლებს ღირსეული ხელფასები მიეცემათ. აქამდე მათი ხელფასი იყო ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი. მინიმალური ხელფასი აქვთ ადამიანებს, რომლებიც შვილებივით იცავენ და უფრთხილდებიან უნიკალურ, მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერებს. ჩვენ ცენტრის მნიშვნელობა სახელმწიფო დონეზე აგვყავს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ცენტრის შენობის პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მშენებლობა - მომავალი წლიდან დაიწყება.
განათლების მინისტრი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი პრემიერ-მინისტრის ჩართულობას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს ახალი პოლიტიკა, ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ცენტრის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისი გახდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური