საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვედეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვედი კოლეგა საქართველოში მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილისა და სტეფან ლოფენის შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში გაიმართა.

საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი და შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსთან (SIDA) თანამშრომლობა იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შვედეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ერთ-ერთი ინიციატორი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერას განაგრძობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას განსაკუთრებით აღნიშნა, რომ შვედეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი დონორია და SIDA საქართველოსთან წარმატებით თანამშრომლობს - ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების, საბაზრო ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის გაძლიერების, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის ფარგლებში სახელმწიფოს განვითარების, გარემოზე ზეგავლენის შემცირებით გარემოს გაუმჯობესების და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური