საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

აბუ-დაბიში საქართველოს საელჩო, დუბაიში გენერალური საკონსულო გაიხსნება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-19

ქართული მხარის გადაწყვეტილებით აბუ-დაბიში საქართველოს საელჩო, დუბაიში კი გენერალური საკონსულო გაიხსნება,-აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრ სულთან ბის საედ ალ მანსურის შეხვედრის დასრულების შემდეგ. მხარეები ერთმანეთს საქართველო-არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნესფორუმის ფარგლებში შეხვდნენ და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"არაბეთის გაერთიანებული საემიროების დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დადასტურებაა იმის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ინტერესი იზრდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აბუ-დაბიში გავხსნათ საელჩო, დუბაიში კი გენერალური საკონსულო. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტიციების მოცულობამ უკვე შეადგინა 700 000 000 დოლარი. გასულ წელს ჩვენს შორის სავაჭრო ბრუნვაც გაიზარდა და მთლიანობაში დაახლოებით 220 მილიონ დოლარს მიაღწია. დუბაი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩვენთვის სამაგალითოა და ჩვენ მართლაც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად. დიდია საქართველოში ინვესტირების კუთხით ინტერესი, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით და ჩვენ გვაქვს უნიკალური ადგილები, სადაც შეიძლება ტურიზმის განვითარება, ასევე ისინი წყლის რესურსით არიან დაინტერესებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, საქართველოს უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია.
„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ გვაქვს ინვესტიციები საქართველოში და ვეძებთ ახალი ინვესტიცირების სფეროებს ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული, კულტურის და ინდუსტრიული მიმართულებით. მეორე არის ტურიზმი. საქართველოს ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს... ჩვენს აეროპორტებს 100 მილიონი მგზავრი იყენებს. კარგი იქნებოდა, მათი ნაწილი საქართველოში ჩამოსულიყო და ამ მშვენიერი ქვეყნით დამტკბარიყო,"-აღნიშნა სულთან ბის საედ ალ მანსურიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური