საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერი EBRD-ის შეხვედრისთვის მზადების პროცესს გაეცნო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-06

1

საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძლობისთვის პრაქტიკულად მზად არის, - საორგანიზაციო სამუშაოები პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დაათვალიერეს.

ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოების შესახებ პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდა.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის, პარლამენტის ეზოში აშენდა 4 დროებითი ნაგებობა, სადაც მედიაცენტრი, ბრიფინგების ოთახი და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება. ყოველწლიური შეხვედრისთვის საჭირო ყველა სივრცე უზრუნველყოფილია უახლესი საკომუნიკაციო სისტემებით და საოფისე ინვენტარით.
განახლდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარე ფასადი, ფოიე, სარკეებიანი დარბაზი, კეთილმოეწყო სასახლის ეზო, გაკეთდა სველი წერტილები, ბავშვებისთვის - საცეკვაო დარბაზი, შენობა უზრუნველყოფილია ინტერნეტითა და ახალი ელექტროსისტემით.

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები ფაქტობრივად უკვე შესრულებულია, რისთვისაც EBRD-ის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადეს.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, 1500-მდე ბიზნესმენი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვევიან. საერთაშორისო ფორუმს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური