საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის კანდიდატები წარადგინა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-01

თავდაცვის მინისტრის პოსტს თინათინ ხიდაშელი დაიკავებს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გიგლა აგულაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს- ტარიელ ხეჩიკაშვილი - მინისტრობის კანდიდატები დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

"გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობაზე წარვადგენ გიგლა აგულაშვილის კანდიდატურას, რომელსაც აქვს საპარლამენტო მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება. იგი დღემდე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ბატონი გიგლა არის პროფესიით იურისტი. პარლამენტში მისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მას აქვს გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება...რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა და დღემდე იყო ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ჰოლდინგის „იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტი. მისი ბიოგრაფიის დიდი ნაწილი სპორტულ სამყაროს უკავშირდება. არის ძლიერი მენეჯერი და ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის წევრი. ბატონი ტარიელი ამავე დროს 7 შვილის მამაა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარმოგიდგენთ ქალბატონ თინათინ ხიდაშელს, რომელიც გახლავთ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დღეიდან კი ის ევროპის მასშტაბით, ნიდერლანდების, გერმანიის, ნორვეგიის, შვედეთის და ალბანეთის შემდეგ იქნება მეექვსე, ხოლო საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, პრემიერის განცხადებით, მინდია ჯანელიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში ბრუნდება.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გახლავთ პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც მუშაობს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ის უნდა ჩაიბაროს ადამიანმა, რომელიც კარგად იცნობს ამ სფეროს,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, განხორციელებული ცვლილებები მიმართულია მთავრობის ეფექტურობის გაზრდისკენ. მანვე თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, დღესვე წარუდგინოს პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა.
„ჩვენ მზად ვართ, დღესვე ვუპასუხოთ პარლამენტარების შეკითხვებს და საკანონმდებლო ორგანოში წარვადგინოთ სამთავრობო პროგრამა,"-დასძინა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური