საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

EIB-ის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის ცერემონია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის(EIB) წარმომადგენლობის ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ირაკლი ღარიბაშვილი ოფისის გახსნას მიესალმება და მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ეს ნიშნავს მეტი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას, როგორც სახელმწიფო, ისე - კერძო სექტორში.

მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ წარმომადგენლობით ოფისს რეგიონული მნიშვნელობა ექნება და ის უზრუნველყოფს EIB-ის საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„დარწმუნებული ვარ, ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა საქართველოში და მთლიანად რეგიონში, იქნება ეფექტიანი და დრო გვაჩვენებს, რომ წარმომადგენლობითი ოფისის საქართველოში გახსნა სწორი გადაწყვეტილება იყო. საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობა და მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოში ხელს უწყობს ქვეყნის როლის გაზრდას რეგიონში და რეგიონალური ეკონომიკური კავშირების განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ოფისის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმებს უმასპინძლებს, მათ შორის - 13-15 მაისს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას და ბიზნესფორუმს, 19-21 ივნისს - შავი ზღვის ქვეყნების ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას და ბიზნესფორუმს, ხოლო ოქტომბერში - მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენციას.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და იმედი გამოთქვა, რომ წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბანკის მიერ საქართველოში როგორც სახელმწიფო სექტორის, ასევე კერძო სექტორის დაფინანსების პორტფელის ზრდას.

საქართველოს ძალიან დიდი აღიარება და ხელისუფლებისადმი ნდობის გამოცხადება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა თბილისში, რომელიც რეგიონული მნიშვნელობის იქნება და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთს და აზერბაიჯანს დაფარავს.

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს, ვილჰელმ მოლტერერს ოფისის გახსნის მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის სტრუქტურებს კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა.

„დარწმუნებული ვარ, არაერთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ, დავეხმარებით მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონებში. ევროპის საინვესტიციო ბანკი უკვე აფინანსებს ძალიან ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოში, როგორიც არის გზები, წყალმომარაგება, ასევე არაერთი პროექტი გვაქვს ტურიზმის მიმართულებით. კიდევ ერთხელ მივესალმები ამ დღეს, რომელიც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის აღიარებას, რათა საქართველო გახდეს რეგიონული ლიდერი. ეს ჩვენ დაგვეხმარება ევროპასთან დაახლოებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა. ვილჰელმ მოლტერერმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასა და წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური