საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-30

საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობითი ოფისი იხსნება, - თანამშრომლობის ახალი ეტაპის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

მთავრობის მეთაურმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს წარმომადგენლობით ოფისს საინვესტიციო მიზნების სრულად განხორციელებაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის არსებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის დასაფინანსებლად, ბანკმა დაახლოებით 380 მილიონი ევრო გამოყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვილჰელმ მოლტერერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ბანკის მიერ დაფინანსებული თითოეული პროექტი, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილს, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური