საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-29

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას წარუდგენს, - ირაკლი ღარიბაშვილი ახალ მინისტრებს მხოლოდ იმ უწყებებში დანიშნავს, რომელთა ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს.

მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს პრემიერი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიტიკური გუნდი, ქვეყნის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით, ერთიანია.

„მოახლოებულია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის რიგის სამიტი, EBRD-ის წლიური შეხვედრა, სადაც ჩამოდის 1500-ზე მეტი ბიზნესმენი, 63 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია, 20 ფინანსთა მინისტრი, 15 ეკონომიკის მინისტრი, მათ შორის არიან რამდენიმე ქვეყნის ვიცე-პრემიერი, EBRD-ის პრეზიდენტი, ბორდის წევრები და ა.შ. ასევე, ახლოვდება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ინიცირებული ღია მმართველობის სამიტის ჩატარება თბილისში", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ დღეს ესაუბრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, რომელმაც საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა მოტივირებულია, რომ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მიღწევები და იმედოვნებს, რომ პროგრესი ობიექტურად დაფასდება.

იმ ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, რომ სამიტთან დაკავშირებით, მომავალ კვირას მინისტრთა კაბინეტის წევრების უმნიშვნელოვანესი ვიზიტები იგეგმება, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართა თხოვნით, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარე კვირას დასრულდეს.

„პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას მთავრობას და პოლიტიკური გუნდი გააგრძელებს ჩვეულ ტემპში მუშაობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ამას სჭირდება 24-საათიანი მუშაობა. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - დაჩქარდეს რეფორმები, შედეგები გახდეს უფრო ეფექტური და ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადებისთანავე, მთავრობის პირველსავე სხდომაზე გავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის და პროკურატურის უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რათა პროცესი არ შეფერხდეს.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას და პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ლევან ყიფიანს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება სპორტის განვითარებისთვის გამოსაყენებელია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური